გრიგოლ ვაშაძის მოულოდნელი განცხადება დღის მთავარ პოლიტიკურ თემად იქცა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გააკრიტიკეს თანაგუნდელებმა, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა კი, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. ვაშაძეს 4 პარტია პასუხობს, რომ პარლამენტში არ შევლენ.
გრიგოლ ვაშაძე თავდაპირველ ვერსიაში პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდებდა და წერდა, რომ ქუჩა საკანონმდებლო ტრიბუნებმა უნდა შეცვალოს, მოგვიანებთ კი დამატებით განმარტებითი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ქუჩის პროტესტი უნდა გაგრძელდეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პირველ და მეორე განცხადებაზე კომენტარი გააკეთა პარტიის წევრმა ხატია დეკანოიძემ და აღნიშნა, რომ მეორე განცხადებით ცხადი გახდა, რომ პროტესტი არ წყდება და "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციური სპექტრის პოზიციის ერთგულია:
"პარტიაში არავითარი შეუთანხმებელი პოზიციები არ არსებობს, ჩვენ ვართ იმ პოზიციაზე, რასაც იზიარებს სრულიად ოპოზიციური სპექტრი და ეს პოზიციები არის შემდეგი, პირველი - ახალი არჩევნები, მეორე - ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი ადმინისტრირება, ჟვანიას გადადგომა და საოლქოების და საუბნოების ახალი ადმინისტრირება. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ყველანაირ ფასილიტაციას, მხოლოდ ამ წინაპირობების დაკმაყოფილებით. რაც შეეხება ბატონი გრიგოლის განცხადებას, სამწუხარო ის არის, რომ პირველ განცხადებაში იყო გარკვეული მომენტები, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, მათ შორის, კითხვის ნიშნები გაჩნდა აპირებს თუ არა ენმ საპარლამენტო მანდატებით სარგებლობას, ამიტომ კარგია, რომ მეორე განცხადებამ ძალიან ბევრი სიცხადე შეიტანა და ეს სიცხადე მდგომარეობს შემდეგში, რომ პროტესტი არ წყდება და რა თქმა უნდა, პროტესტი არის დემოკრატიის ნაწილი და ყველაზე მწვავე პროტესტიც კი, რომელიც ექნებათ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ ვიქნებით იქ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საქმე ეხება არჩევნების და სახელმწიფოს მიტაცებას, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არასოდეს არ ჩაატაროს," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე თემას ამოწურულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი პარტიის პოზიცია კვლავ უცვლელია:
"მისი პირველი განცხადება იყო,რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი და ის პოზიცია განმარტების გარეშე იქნებოდა დამაზიანებელი ოპოზიციური ერთობის და ბრძოლისთვის, მაგრამ იმ განმარტებებით, რაც შემდეგ გაკეთდა, მიმაჩნია, რომ ეს თემა ამოწურულია. ჩვენი დღევანდელი პოზიციონირება არანაირად არ უკავშირდება რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკოსის განცხადებას," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების შეფასება რთულია და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ "ლელო" პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ აპირებს:
"ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების შეფასებები მე ძალიან მიჭირს. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ გაყალბებული ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების საფუძველზე შექმნილი პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ ვაპირებთ იმიტომ, რომ ეს არის ყალბი პარლამენტი. არ შეიძლება გაყალბებული არჩევნების საფუძველზე დაკომპლექტებული პარლამენტი ემსახურებოდეს ქვეყანას," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძის მეორე განცხადებას პირველის გამოსწორების მცდელობად და უკან დახევად აფასებს:
"ვაშაძის პირველი განცხადება ნამდვილად დამაბნეველი იყო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მისივე პარტიის წევრებისთვისაც. მე ვფიქრობ, რომ ხელმეორე განცხადება იყო ზუსტადაც ის, უკან დახევა. ეს იყო გაუგებრობა, პირველი განცხადება იყო არეული მესიჯებით და შემდგომი განცხადება იყო პირველი განცხადების გამოსწორების მცდელობა. კრიზისულ სიტუაციაში ყველა პარტია საკმაოდ დაძაბულია და მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ გრიგოლ ვაშაძის პარტიაში, ანუ "ნაციონალურ მოძრაობაშიც" იყოს დისკომუნიკაცია მის წევრებს შორის," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.