"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის მეორე განცხადებას პირველის გამოსწორების მცდელობად და უკან დახევად მიიჩნევს. გრიგოლ ვაშაძე თავდაპირველ ვერსიაში პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდებდა და წერდა, რომ ქუჩა საკანონმდებლო ტრიბუნებმა უნდა შეცვალოს, მოგვიანებით კი დამატებით განმარტებითი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ქუჩის პროტესტი უნდა გაგრძელდეს.
"ვაშაძის პირველი განცხადება ნამდვილად დამაბნეველი იყო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მისივე პარტიის წევრებისთვისაც. მე ვფიქრობ, რომ ხელმეორე განცხადება იყო ზუსტადაც ის უკან დახევა. ეს იყო გაუგებრობა, პირველი განცხადება იყო არეული მესიჯებით და შემდგომი განცხადება იყო პირველი განცხადების გამოსწორების მცდელობა. კრიზისულ სიტუაციაში ყველა პარტია საკმაოდ დაძაბულია და მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ გრიგოლ ვაშაძის პარტიაში, ანუ "ნაციონალურ მოძრაობაშიც" იყოს დისკომუნიკაცია მის წევრებს შორის," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.