17 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
მე და ბატონი გრიგოლი შედარებით უფროსი თაობის ადამიანები ვართ, რომლებიც შეიძლება ისე ოპერატიულად ვერ იყენებენ facebook-ს - ნინო ბურჯანაძე

"ერთი წამითაც არ შემპარვია იმაში ეჭვი, რომ გრიგოლ ვაშაძე არანაირ განხეთქილებას ოპოზიციაში არ შემოიტანდა" - ამ სიტყვებით "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ენმ-ის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა. 

"იმ მომენტში, იმ ადგილში, სადაც ლაპარაკი იყო პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებაზე, ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო ნამდვილად, თუმცა მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ბატონი გრიგოლი არის ოპოზიციური ერთიანობის მომხრე და მივხვდი, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ასე რომ, ჩემთვის მისი მეორე განცხადება, სადაც ყველაფერი იყო აბსოლუტურად კარგად განმარტებული, იყო სრულიად ბუნებრივი, ადეკვატური. კიდევ ვიმეორებ, ერთი წამითაც არ შემპარვია იმაში ეჭვი, რომ გრიგოლ ვაშაძე არანაირ განხეთქილებას ოპოზიციაში არ შემოიტანდა," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას.

ბურჯანაძე ასევე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ გრიგოლ ვაშაძის მეორე, დამაზუსტებელი განცხადება ჯერ სხვა პირის მიერ გამოქვეყნდა. ნინო ბურჯანაძის შეფასებით, გრიგოლ ვაშაძე არაა ის პიროვნება, ვინც სხვას დააწერინებს განცხადებას. 

"ვერაფერს ამაში ტრაგიკულს ვერ ვხედავ. მე და ბატონი გრიგოლი შედარებით უფროსი თაობის ადამიანებს მივეკუთვნებით, რომლებიც შეიძლება ისე ოპერატიულად ვერ იყენებენ facebook-ს, როგორც ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები. შეიძლება ჩემი განცხადებაც გაცილებით ადრე გავრცელდეს სადმე სხვაგან, ვიდრე ჩემს პირად facebook-ზე თუ ეს ჩემი დასადები იქნება, იმიტომ რომ მე შეიძლება დახმარება დამჭირდეს, ვერ ვხედავ ამ ტექნიკურ საკითხში ვერანაირ პრობლემას. განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცა სხვამ დაწერა გრიგოლ ვაშაძის ნაცვლად ეს განცხადება, უბრალოდ შეურაცხმყოფელია და ასეთი შეურაცხყოფა ადამიანს არ უნდა მიაყენო, პირადად თქვენ არ გგულისხმობთ, ვინც  გააკეთა ეს განცხადება, იმას ვგულისხმობ. გრიგოლ ვაშაძე არ არის ის ადამიანი, რომელიც თავისი სახელით ვინმე სხვას დააწერინებს განცხადებას და სხვას გამოაქვეყნებინებს," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები