"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ოპოზიცია კვლავ ერთიანია პროტესტის გაგრძელებასა და არჩევნების შედეგების არაღიარებასთან მიმართებით. ამის შესახებ გიორგი გუგავამ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა და დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ 2 განცხადებას შეეხო.
გრიგოლ ვაშაძე თავდაპირველ ვერსიაში პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდებდა და წერდა, რომ ქუჩა საკანონმდებლო ტრიბუნებმა უნდა შეცვალოს, მოგვიანებით კი დამატებით განმარტებითი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ქუჩის პროტესტი უნდა გაგრძელდეს.
"ასეთ დაძაბულ სტრესულ გარემოში შეიძლება ვინმემ რაღაცა თქვას, მაგრამ არსი ამ ბრძოლისა არის აბსოლუტურად სულ სხვა, ოპოზიციური პარტიები გამოხატავენ საზოგადოების აზრს, საზოგადოების დაკვეთის შემსრულებლები არიან და ვინც საზოგადოებას ზურგს აქცევს, ვინც მისი ნების წინააღმდეგ წავა, საზოგადოება მას გარიყავს. ხომ ვნახეთ შემდეგ, რომ ამ განცხადების შესაბამისი რედაქტირება მოხდა და ის სულისკვეთება, რაც არის უკანასკნელ განცხადებებში, მთლიანად ჯდება იმ მთავარ შეთანხმებაში, რაც ჩამოაყალიბეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და რომელიც მომდინარეობს საზოგადოების მხრიდან,"- განაცხადა გიორგი გუგავამ.