"ქართული ოცნების" წევრის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციის პოზიცია მკაფიო არაა და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა დღეს განვითარებული პროცესებით. შალვა პაპუაშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს ურჩევს თვალი გაუსწორონ სიმართლეს, მიიღონ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგები და მათთვის მინიჭებული მანდატები:
"ჩვენი მცდელობა ამ მოლაპარაკების ფარგლებში არის კიდევ ერთხელ რომ ყველა შევჯერდეთ იმ სიმართლესა და ჭეშმარიტებაზე, რომელიც ერთადერთია. ამას ემსახურება ამ დღეებში ჩვენი ყველანაირი მცდელობა, რომ ეს სიმართლე მივიტანოთ ჩვენ ოპონენტებამდე, რომ მათ თვალი გაუსწორონ ამ მდგომარეობას," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, იმ ციფრების საწინააღმდეგოდ, რასაც "ქართული ოცნება" წარადგენს, ოპონენტებს არაფერი კონკრეტული არ აქვთ, გარდა ემოციებისა და განცხადებებისა, რომ ეს შედეგები გაყალბებულია.
"ასეთი ემოციები პოლიტიკური პარტიების მხრიდან და ასეთი არაარგუმენტირებული განცხადებები მიუღებელია," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი საარჩევნო ბიულეტენების არასწორად მოხევის შესახებ ოპოზიციის პრეტენზიებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს პრეტენზია მისთვის გაუგებარია:
"საუბარი იყო რომ ბიულეტენის მოხევის დროს ყუაზე მიჰყვებოდა ნომერი და ამომრჩეველი ვერ აძლევდა ხმას, ცოტა გასაკვირია, ძნელად წარმომიდგენია, ამომრჩეველი მიდის, მოხეულია ან არ არის აღნიშნული ნომერი, რომელიც მას უნდა, რომ შემოხაზოს და ამის გამო რას შვება? სხვა პარტიას აძლევს ხმას? რა ვუყოთ ეგზიტპოლებს? რატომაა იგივე შედეგები?"- განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი ხელმეორე გადათვლების შედეგებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება არსად დაფიქსირებულა, ამასთან "ქართული ოცნების" წევრმა აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ შემაჯამებელ ოქმებს, რომლებსაც ოპოზიცია გაყალბებულს უწოდებს, საარჩევნო კომისიების ოპოზიციონერი წევრების ხელმოწერების ახლავს თან.
"საერთო გადათვლების შედეგად 39 უბანი გადაითვალა, საერთო ჯამში, ალბათ 100-200 ხმის საკითხია, ზოგს მოაკლდა, ზოგს დაემატა, რაც არის მიზერი იმასთან შედარებით 1,9 მილიონ ამომრჩეველთან შედარებით. შევახსენებ ყველას, რომ ამ არჩევნებში 120 000 ხმა დაკარგულია იმის გამო, რომ 1%-ს ქვემოთ მყოფმა პარტიებმა მიიღეს და რა თქმა უნდა, როცა ვსაუბრობთ 100-200 ხმაზე, სერიოზული გავლება ვერ ექნება. გაეცნონ ჩვენს პრეზენტაციებს, როგორც ჩანს, ეს ციფრები არ იციან.
11 000-მა ოპოზიციის წარმომადგენელმა ხელი მოაწერა 3 847 ოქმს, სანამ წავა საუბარი, რომ აქ საქმე რაიმე მანიპულაციას შეიძლება ჰქონდეს, ჯერ ამ 11 000 ადამიანის სია გაიარონ და თქვან, ისინი იყვნენ თუ არა, ვინც აყალბებდა ამ ოქმებს, ხელახალი არჩევნები თუ ჩატარდა, ისევ ამ 11 000-მა უნდა მიიღოს მონაწილეობა. არასერიოზულია ეს განცხადებები,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, თავის პირველად კრიტიკულ შეფასებებს გადახედეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.