ოპოზიციის მხრიდან დაანონსებული აქციების ფონზე, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ქუჩის პროტესტის პარლამენტში გადატანაზე ალაპარაკდა.
მიმართვის გავრცელებიდან მალევე "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში ლიდერების შეკრება დაიწყო, სადაც პარტიის წევრებმა თქვეს, რომ თავმჯდომარის განცხადება შეუთანხმებელი იყო პარტიის წევრებთან.
გრიგოლ ვაშაძის წერილობით მიმართვას მალევე მოჰყვა დამატებითი განმარტება, სადაც დაზუსტდა ის დეტალი, რომ ქუჩის პროტესტი უნდა გაგრძელდეს, თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში უნდა მიიღონ მონაწილეობა და არც პარლამენტში შევიდნენ.
გრიგოლ ვაშაძის მიმართვის გავრცელების შემდეგ "ლელოს", "ევროპულის საქართველოს", "გირჩისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთობლივი განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ მშვიდობიან სამოქალაქო პროტესტი გრძელდება, რომ ისინი არ შედიან პარლამენტში და მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. მოგვიანებით გაირკვა, რომ 4 პარტიის მიერ შემუშავებულ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობაც" შეუერთდება.
თავად გრიგოლ ვაშაძე დღეს მედიასთან არ გამოჩენილა. პარტიის თავმჯდომარეს არც ოფისში გამართულ შეხვდრას დასწრებია.