17 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
ეს იყო უცხოელებთან გამოყოლილი საუბარი, გაეპარა ის მომენტი, რომელმაც შექმნა უხერხულობა - გიორგი ბარამიძე გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის მიერ დღეს გავრცელებულ 2 განცხადებაზე "ღამის კურიერის" ეთერში განმარტებები მისი პარტიის წევრმა გიორგი ბარამიძეს მოუწია.

გრიგოლ ვაშაძე პირველ განცხადებაში პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდებდა და წერდა, რომ ქუჩა საკანონმდებლო ტრიბუნებმა უნდა შეცვალოს, მოგვიანებით კი დამატებით განმარტებითი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ქუჩის პროტესტი უნდა გაგრძელდეს.

გიორგი ბარამიძე თვლის, რომ განმარტება, რაც მისმა პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა საკმარისი უნდა იყოს თავად პარტიის წევრებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, რათა ეს უხერხულობა და კითხვის ნიშნები ამოიწუროს. ბარამიძის თქმით, არც გრიგოლ ვაშაძის პარტიულ თანამდებობას ემუქრება რამე:

"პარტიის თავმჯდომარეობიდან ასე არავინ არ უშვებს, ბატონმა გრიგოლმა გააკეთა ხელახალი განცხადება. პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთ კრიტიკულ მომენტში ვაკეთებთ განცხადებას, ძირითადად, იმ ენით უნდა ვილაპარაკოთ, რაც უმრავლესობისთვის იქნება გასაგები და თუ ეს პრინციპულ საკითხებზე კითხვის ნიშნებს იწვევს და ხელახალი განცხადება და განმარტება ხდება საჭირო, არაა სასიამოვნო, მაგრამ მე ვფიქრობ, ყველაფერი მოგვარდა მას შემდეგ, რაც მან განმარტება გააკეთა, მე როგორც ვიცი, ის შეუძლოდაა და სახლშია, მთელი ეს დღეები აქციებზე იყო.

განცხადება რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისგან განსხვავებული, რასაც ვაფიქსირებდით, ეს იქნებოდა შესათანხმებელი, მან დააფიქსირა და განმარტა, რაც გააზიარა მიხეილ სააკაშვილმაც, რომ არანაირ პარლამენტში შესვლაზე, მეორე ტურში მონაწილეობაზე და მოლაპარაკებაზე, გარდა იმისა, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, საუბარი არაა. სამწუხაროა ის, რომ მან ეს ისე თქვა, რომ გამოიწვია კითხვის ნიშნები, ჩვენ არ ვაპირებ სირაქლემასავით დავმალოთ ეს პრობლემა. განმარტებამ წერტილი დაუსვა ამ ყველაფერს.

ჩვენ განცხადებებს ვავრცელებთ როგორც პრესსამსახურის მეშვეობით, ისე მის გარეშეც. ეს ერთ-ერთი განცხადება იყო უცხოელებთან ურთიერთობის შემდეგ. ასე ვთქვათ, უფრო იყო გამოყოლილი უცხოელებთან საუბარი და რისი დარწმუნებაც უნდოდა, ამის გამოხატვა უნდოდა და ამაზე იყო აქცენტი და როგორც ჩანს, გაეპარა ის მომენტი, რომელმაც შექმნა უხერხულობა," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეს "სკანდალი" ამოწურულია.

დღის ამბები