17 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
ბატონმა გრიგოლმა ძალიან სწორად შეაფასა პრობლემები, საუბრის გარდა, სხვა გზა ნამდვილად არ ვიცი - ვახტანგ მეგრელიშვილი

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით სწორი აქცენტებია დასმული და "გირჩსაც" მიაჩნია, რომ კრიზისიდან გამოსვლის მთავარი გზა საუბარია, თუმცა როგორც ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, იმისთვის, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილებას ლეგიტიმაცია ჰქონდეს, მნიშვნელოვანია რომ ის იყოს ერთობლივად მიღებული:

"ბატონმა გრიგოლმა ძალიან სწორად შეაფასა პრობლემები, ძალიან ზუსტი განმარტება გააკეთა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კრიზისიდან გამოსვლა და კრიზისიდან გამოსვლის სხვა გზა მე, ნამდვილად არ ვიცი, ვიდრე ესაა საუბარი. პრობლემა წარმოიშვა მაშინ, როდესაც თქვა, რომ რაღაც პროცედურები უნდა დავიწყოთ, რომელიც გადათვლას ნიშნავს. "გირჩს" უნიკალური პოზიცია გვაქვს, ჩვენ შევიდოდით კიდეც პარლამენტში, არანაირი პრობლემა არ გვქონდა, ნებისმიერ კონფიგურაციაში, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენს გარშემო რა ხდებოდა. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია იყო ერთიანი და ოპოზიციის ერთიანობა ამ შემთხვევაში არის მთავარი იარაღი ლეგიტიმაციის. გასაგებია, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო. რომ წახვიდე და გაასაჩივრო იმ ძვირფას სასამართლოში, მთელი ეს საარჩევნო პერიპეტიები, რომელსაც არ ვენდობით, რამე შანსი გვაქვს, რომ იქ ჩვენ მივიღებთ დამაკმაყოფილებელ პასუხს?

განცდა საერთოა, არა იმის შესახებ რომ ვინმეს 2 ან 5 მანდატი მოპარეს, არამედ იმის შესახებ, რომ გლობალურად შეცვალეს სურათი, ანუ ვისია ხელისუფლება. "გირჩი" შევიდოდით პარლამენტში ჩვენს მეგობარ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად და წავიდოდით იმ ბრძოლაზე პარლამენტში, რაც შეიძლება ოპოზიციამ გაუმართოს ხელისუფლებას. მაგრამ ვინაიდან საერთო პოზიცია იყო ასეთი, რომ ჩვენ დავასრულებთ საბოლოოდ ამ ქვეყანაში არჩევნებს მოპარვას და კი ბატონო, თუ არის მოპარული, დავასრულოთ. ჩვენ სხვა ლეგიტიმაცია არ გაგვაჩნია, ვერც სასამართლო გაგვამართლებს და ვერც პომპეო მოგვცემს ინდულგენციას.

ერთი პოზიციაა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ძირითადი აზრი არის იმის შესახებ რომ ეს არჩევნები არის ისეთი გაყალბებული, რომ მასში ოპოზიცია არ მონაწილეობს და ამას აკეთებს შეგნებულად იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ამბავი დასრულდეს.

​მეორე პოზიცია არის ის, რომ მოდი, ჩვენ ოპოზიციამ დავილაპარაკოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ მომენტში ვერ ვჯობნით ხელისუფლებას, წავიდეთ საჩხუბრად პარლამენტში. და მაგ ჩხუბის ფარგლებში, იქ რაღაცები გავაკეთოთ. ჩემი აზრით, ორივე შემთხვევაში ოპოზიცია საერთო აზრზე უნდა იყოს, რომ ლეგიტიმაცია ჰქონდეს მის გადაწყვეტილებას, გინდა ერთ ფრონტზე საბრძოლველად გინდა მეორეზე. ჩემთვის და "გირჩისთვის" მთავარი არის, რომ ოპოზიცია იყოს გულწრფელი თავის ნალაპარაკებში და ნამოქმედარში,"- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დღის ამბები