17 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
აშშ-ის სენატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში დათქმა - 15%-იან შეზღუდვასთან დაკავშირებით არ არის - დავით ზალკალიანი 

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, სენატის ასიგნების კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით 15%-იანი დათქმა არ არის.

დავით ზალკალიანის განცხადებით, სენატის ასიგნების კომიტეტის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ არ უნდა გამოიყენონ ოპონენტებმა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის.

"სენატის ასიგნების კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში არ არის ის დათქმა, რაც დაკავშირებული იყო 15%-იან შეზღუდვასთან, რომელიც არსებობდა წარმომადგენლობით პალატის მიერ 2020 წლის 24 ივლისს მიღებულ ვერსიაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროგრესი არსებობს.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ როგორ არ უნდა გამოიყენონ ოპონენტებმა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის მთავარ სტრატეგიული პარტინორთან, აშშ-თან ქვეყნის ურთიერთობა," - განაცხადა ზალკალიანმა.

გარდა ამისა, ზალკალიანის ინფორმაციით, ბოლო 4 წელში საქართველოს მიმართ ფინანსური მხარდაჭერა 50 მილიონი დოლარით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის 24 ივლისს მიღებულ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აქვე მითითებული იყო, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.

დღის ამბები