სომხეთში, სადაც ჯერ კიდევ საომარი მდგომარეობა ძალაშია და შეკრებაზე შეზღუდვები მოქმედებს, ოპოზიციის დღევანდელი აქციის დაწყებამდე პოლიციამ მონაწილეების დაკავება დაიწყო.
17 ოპოზიციური პარტია დღეს ერევანში საპროტესტო აქციას გამართავს, სადაც პარტიები ომის დამთავრების შესახებ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გააპროტესტებენ.
მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას მიესალმება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.
ჟოზეფ ბორელის განცხადებით, მიღწეული შეთანხმება მხარეებს ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილებაში დაეხმარება.
ყარაბაღის საკითხი განიხილეს სატელეფონო საუბრის დროს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა.
ერდოღანი და პუტინი ყარაბაღში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება მინსკის ჯგუფის წევრი საფრანგეთიც, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტა კარგია, თუმცა აუცილებელია განისაზღვროს მთიანი ყარაბაღის სტატუსი.