რატომ ჩამოდის ამერიკის რანგით მეორე პოლიტიკური ფიგურა თბილისში და რა საკითხებზე დაელაპარაკება ის საქართველოს მთავრობას - ამ თემაზე საკუთარი ვერსიები აქვთ ექსპერტებს. მაიკ პომპეო, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2 თვეში ეწურება, საქართველოში 17-18 ნოემბერს ჩამოდის.
სტუმრობა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა დაგეგმა იმ ტურნეს ფარგლებში, რა დროსაც, ასევე, მოივლის საფრანგეთს, თურქეთს, ისრაელს, ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს.
"რეგიონში დაირღვა სტატუსკვო, ამ რეგიონში ყველა დიდ გლობალურ და რეგიონულ მოთამაშეებს აქვთ ინტერესები და როდესაც ძალთა ბალანსი იცლება, ამ დროს ყველა ცდილობს, რომ გააფართოვოს თავისი ინტერესები, ან ის მაინც შეინარჩუნოს, რაც აქვს. მაღალი ალბათობით ვვარაუდობთ, რომ საუბარი შეეხება ჩვენი ნატოში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას გარკვეულწილად, არ გამოვრიცხავ, რომ უფრო ოპერატიული გადაწყვეტილებებიც იყოს მისაღები, ანუ უკვე დღეს მოხდეს სამხედრო ფიქსაცია გარკვეული სახის, თუნდაც მცირე, სიმბოლური, მაგრამ მაინც საქართველოში იმისათვის, რომ კავკასია არ აღმოჩნდეს ამ ახალი მოვლენების მძევალი,“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის, კორნელი კაკაჩიას აზრით, ეს იქნება გზავნილი მოსკოვისთვის, რომ მიუხედავად შეერთებულ შტატებში არსებული პრობლემებისა, შტატებისთვის საქართველო მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.
"ეს არის სიგნალი მოსკოვისთვის, იმ გაგებით, რომ მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელიც არსებობს შეერთებულ შტატებში შიდა პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და მიუხედავად იმისა, თუ რა პრობლემებია ქვეყნის შიგნით, ის მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს. ერთი მიზეზი ეს შეიძლება იყოს. მეორე მიზეზი, რა თქმა უნდა, არის ქვეყანაში შექმნილი შიდა პოლიტიკური სიტუაცია და შეერთებული შტატები, ხელისუფლება ეცდება შეასრულოს გარკვეულწილად, მასტაბილიზერებელი როლი საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის ფონზე და ალბათ, ხელს შეუწყობს, გარკვეულწილად, დიალოგის დაწყებას ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის, რომ ეს დაპირისპირება, რომელიც ბოლო პერიოდში არის საქართველოში, დაუბრუნდეს ინსტიტუციურ ჩარჩოს,“ - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.