"ქართული ოცნების" წევრი გიორგი ხელაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტს აფასებს და ამბობს, რომ ამას უყურებს, როგორც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობას. ხელაშვილი არ მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი რაიმე ფორმით უკავშირდებოდეს იმ მწვავე საკითხებს, რომლებიც წარმოიშვა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
"მაიკ პომპეო ჩამოდის საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების ფარგლებში, იმის გათვალისწინებით, რომ ის ასევე ამ ტურნეს განმავლობაში ჩადის საფრანგეთში, თურქეთში, ისრაელში და სხვა ამერიკის ძალიან მკვეთრად გამოხატულ მხარდამჭერ ქვეყნებში, მიგვითითებს ამ ვიზიტის გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ ხასიათზე და მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს რაიმე ფორმით უკავშირდებოდეს იმ მწვავე საკითხებს, რომელიც წარმოიშვა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და შესაბამისად, ამას მხოლოდ და მხოლოდ ვხედავ როგორც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობას და სწორედ ეს იქნება ძირითადი წამყვანი საკითხები,“ - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
"ქართული ოცნების" წევრი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუდმივად ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ამის შესახებ მაიკ პომპეო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს.
"ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის ძალიან ახლოს ადევნებს თვალყურს თუ რა ხდება საქართველოში, იქნება ეს არჩევნების დროს თუ არა არჩევნების დროს და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე ბატონი პომპეო მოისმენს ამომწურავ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.
ეს არ არის, რა თქმა უნდა, არც პირველი და არც უკანასკნელი შეხვედრა ამ ფორმატში და შესაბამისად, ყოველთვის განიხილება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები,“ - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.