17 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
"ვცადოთ მოლაპარაკებები" - გრიგოლ ვაშაძე გამოქვეყნებული განცხადებების შემდეგ დუმილს "ღამის კურიერში " არღვევს

"ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარე, გუშინდელი ორი სკანდალური განცხადების შემდეგ, დუმილს "ღამის კურიერში" არღვევს. 

გრიგოლ ვაშაძემ არჩევნების შემდეგ შექმნილ კრიზისზე და გამოსავლის გზებზეც ისაუბრა. "ვაცადოთ მოლაპარაკებები"- ეს მისი უმთავრესი გზავნილია, რომელსაც მთლიანად ოპოზიციურ ფლანგს უგზავნის. 

"აღარ უნდა მივრბოდეთ ქართველები ჩვენი მთავარი მოკავშირეების დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და ვეხვეწებოდეთ მათ ხელმძღვანელებს, რამენაირად ერთმანეთთან დაგვალაპარაკონ, იმიტომ რომ ველურები ვართ და ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით. ეს უკვე კატასტროფაა. 

გამოსავალი ამ ეტაპზე კი არის შემდეგი - საპროტესტო აქციების გაგრძელება, რომ ხელისუფლებამდე მივიდეს საქართველოს მოქალაქის სრულიად კანონიერი აღშფოთება, მაგრამ ასევე, არსებობს პოლიტიკური კომპონენტი, რომელსაც ჰქვია დიალოგი. ვცადოთ, თუ არ შევედით მოლაპარაკებებში, ვერც იმას გავიგებთ, ეს მოლაპარაკებები დამთავრდება წარმატებით თუ წარუმატებლად. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გვაქვს,"- აცხადებს გრიგოლ ვაშაძე. 

როგორ იზომება ორ რადიკალურად განსხვავებულ ძალას შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულება? - ამ კითხვაზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს თავისი მოსაზრებები აქვს, თუმცა, ამავდროულად ამბობს, რომ მას ორი მხარისთვის შესათავაზებელი ზუსტი რეცეპტი არ აქვს.

"მოლაპარაკების წარმატებით დასრულება იზომება ისეთი ხელისუფლებისა და პარლამენტის შექმნით, რომელიც სრულიად დააკმაყოფილებს იმ აღშფოთებული ადამიანების აზრს, რომლებიც დღეს ქუჩაში გარეთ დგანან და ელოდებიან, რომ მათ ხმას ვინმე გაიგებს. მე არავითარი ზუსტი რეცეპტები არ მაქვს,"- ამბობს გრიგოლ ვაშაძე. 

დღის ამბები