17 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
ძალიან სამწუხაროა, რომ არ შეგვიძლია მესამე არბიტრის გარეშე ვესაუბროთ ერთმანეთს - სალომე სამადაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში შეხვედრა სტრატეგიული მოკავშირეების ინიციატივით იმართება და ისინი მოლაპარაკებების პროცესში ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს და მწვავე დაპირისპირებულ ჯგუფებს, მესამე არბიტრის გარეშე ერთმანეთთან საუბარი არ შეუძლიათ.

"ეს არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების ინიციატივით გამართული შეხვედრა და ცხადია, რომ ჩვენ მოლოდინიც სწორედ ეს გვქონდა, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები ძალიან აქტიურად ჩაებმებიან მოლაპარაკებების პროცესში. ვფიქრობ, მე ვიზიარებ იმ გულისტკივილს, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მესამე არბიტრის გარეშე ვესაუბროთ ერთმანეთს სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა ამ ქვეყანაში და მწვავედ თუნდაც დაპირისპირებულმა ჯგუფებმა, მაგრამ ეს არის რეალობა, რომ ჩვენ დღეს აუცილებლად გვჭირდება ჩემი აზრით ამ პროცესში დამოუკიდებელი არბიტრის სახით თანამონაწილეობა.

რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მე ძალიან გულის ტკივილი მინდა გამოვხატო იმაზე, რომ ჩვენ ამ პროცესში შევდივართ ისეთ ვითარებაში, როდესაც მაგალითად თუნდაც 8 მარტის შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალიან დიდი შრომის და თანამონაწილეობის შედეგად, ეს შეთანხმებაც ვერ შესრულდა ბოლომდე და ეს რა თქმა უნდა, იყო ძალიან დიდი დანაკარგი, ჩვენი პოლიტიკური კულტურის ცოტა წინ წასაწევად, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა მზად ვართ იმისთვის, რომ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების თანამონაწილეობით და ვნახოთ რა არის გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან.

მე რამდენადაც მესმის, ეს არის ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მისიების ლიდერობით, თუ შეიძლება ასე ითქვას, როგორც 8 მარტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს ძირითადად, ეს ორი მისია კურირებდა და ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ჩვენთვის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და მათი დიპლომატიური მისიები გადამწყვეტ, ყველაზე მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ მოლაპარაკებების პროცესში დამოუკიდებელი არბიტრის სახით," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტაბების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

დღის ამბები