"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი აზნორ ბიწაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა, ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები არ შეცვლილა. მისივე განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნებს იზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.
"არაფორმალური კონტაქტი გვქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან და ახლა იმ პარტიებს ხვდებიან, ვინც ფორმალურად გადალახეს ბარიერი. შემდეგ ფორმატებში ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილი, ეს წინასწარი ფორმატია იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
ამ ეტაპზე ჩვენი პარტნიორებით ვართ წარმოდგენილი, ოპოზიციასთან გავიარეთ კონსულტაცია გუშინ, დღეს და გეტყვით, რომ ოპოზიცია არის ერთ აზრზე, არცერთი ნაბიჯით უკან დახევა არ შეიძლება. მოთხოვნა არის ერთადერთი. ხელახალი არჩევნების ჩატარება ახალი ადმინისტრაციის მეშვეობით და პატიმრების გათავისუფლება. ამ მოთხოვნას ოპოზიცია არ გადავა,"-განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანზორ ბიწაძემ "დღის კურიერში".
მისივე განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნებს იზიარებს"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.
"როდესაც ვამბობ, რომ ოპოზიციის მოთხოვნებს გრიგოლ ვაშაძეც ეთანხმება, ამას ვამბობს იმ ინტერვიუზე დაყრდნობით, რომელიც "რუსთავი2-ის" ეთერში მოვისმინე. მან თქვა ერთმნიშვნელოვნად, რომ ის არ აპირებს პარლამენტში შესვლას, ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ამას უნდა დაემატოს ის ფორმატი, რომელიც დღეს იწყება. რა თქმა უნდა, თუ კი პროტესტს და მედგარ პოზიციას დაემატება კიდევ რაიმე ფორმატი, რომელმაც, შეიძლება, ხელი შეუწყოს პროცესის წინ წასვლას, ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი არ ექნება,"-აღნიშნა ანზორ ბიწაძემ.