17 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
ოპოზიციურმა პარტიებმა კარგად გაიაზრეს და აღიარებენ, რომ აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა - მაია ბითაძე

"ქართული ოცნების" წევრი მაია ბითაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია დესტრუქციული ქმედებებიდან უკვე გადავიდა იმის აღიარებაზე, რომ დიალოგი აუცილებელია. ამის შესახებ მაია ბითაძემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა კარგად გაიაზრეს და უკვე ჩანს მათ გზავნილებში, აღიარებენ, რომ აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. იმედი გვაქვს, მომდევნო დღეების განმავლობაში, მათი მხრიდან იმის აღიარებასაც მოვისმენთ, რომ არჩევნების მასშტაბური გაყალბება არ მომხდარა.

იმ სიცრუის ტირაჟირებას რასაც უკვე 12 დღეა ვისმენთ, უკვე აქვს სამართლებრივი საფუძველი იმის სანახავად, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე. სადაც იყო შეცდომები და გადაცდომები ეს ყველაფერი სწორდება.

მოლაპარაკებები ამ შემთხვევაში არის ერთადერთი დემოკრატიული გზა. სამწუხაროა, რომ გვიწევს ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარების გამოყენება იმისათვის, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე დავსხდეთ და უარი ვთქვათ რევოლუციურ სცენარებზე, რომლის ანგაჟირება და ტირაჟირება ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდებოდა.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ აქამდე ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდან ვისმენდით, რომ "ჩვენ ხომ ქართველი ერი ვართ და რათ გვინდა დასავლელი პარტნიორები რას ამბობენ, ჩვენ ხომ ჩვენი გადაწყვეტილება გვაქვს" - ეს ტონი შეიცვალა. ისინი ძალიან მალე დაინახავენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდა არის ერთადერთი გამოსავალი, რა თქმა უნდა, უპირობო მოლაპარაკებების მაგიდა, იმისთვის, რომ ის მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა 9 პოლიტიკურ პარტიას მიანიჭა და ის პროგრამები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში იყო მათ მხრიდან, განახორციელონ და ძალისხმევა მოახმარონ ამ ქვეყნის განვითარებას," - აღნიშნა მაია ბითაძემ.

დღის ამბები