"გირჩის" ლიდერის თქმით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა პოზიციების გაცვლას ემსახურებოდა და ერთადერთი შეთანხმება რაც, ჯერჯერობით, მიღწეული იქნა, არის შემდგომი შეხვედრის გამართვა:
"მე კონკრეტიკაში ვერ შევალ, პირველი შეხვედრა იყო, მადლობა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩს, რომ მათი ფასილიტაციით მოხდა ამ შეხვედრის გამართვა. ამ შეხვედრაზე იყო პოზიციების გაცვლა. ოპოზიციურმა პარტიებმა მოვყევით ჩვენი ხედვა, თუ როგორ ვაფასებთ საპარლამენტო არჩევნებს და ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც საჯაროდ არაერთხელ გვაქვს გაცხადებული და იყო ხელისუფლების მხრიდან მათი პოზიცია. ეს იყო და ეს, ამ შეხვედრაზე, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომლის დრო და ადგილი, ჯერჯერობით, არ ვიცი. ჩვენი და ჩვენი ფასილიტატორების სურვილი და ზოგადი ატმოსფერო არის ისეთი, რომ ვთვლით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაცა ტიპის პოლიტიკური შეთანხმება არის მისაღწევი," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მისი თქმით, ის არ ისაუბრებს შეხვედრის ტექნიკურ დეტალებზე, რადგან ამან შეიძლება მოლაპარაკების პროცესი დააზიანოს. რაც შეეხება პროტესტს "გირჩის" ლიდერის თქმით, პროტესტის რეჟიმი გრძელდება.