17 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
კომპრომისის სივრცე არსებობს და იმედი მაქვს, მხარეები შეთანხმებისკენ წასვლას მოვახერხებთ - დავით ბაქრაძე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში მმართველ გუნდთან დიალოგის ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში ოპოზიცია ყველანაირად ეცდება კომპრომისი გამოინახოს, თუმცა, პასუხისმგებლობის დიდი წილი "ქართული ოცნების" მხარეზეა. 

დავით ბაქრაძემ მეორე მხარის პოზიციაზე საუბარი არ ისურვა, თუმცა განაცხადა, რომ მათ პოზიციებში დიდი სხვაობაა. 

"ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში, განსხვავებები უზარმაზარია. ჩვენი ამოცანა, როგორც პასუხისმგებლიანი ძალების არის ის, რომ თანდათან ვეცადოთ კომპრომისის გამოძებნას, ოღონდ ამ პროცესში ჩვენი პოზიცია არის მყარი, რომ ის რაც ქვეყნისთვის ცუდი და უკანონოა, ვერ შედეგება კომპრომისი იმის ხარჯზე. ვფიქრობ, კომპრომისის სივრცე არსებობს და თუ იქნება პასუხისმგებლიანი მიდგომა, საბოლოო ჯამში, იმედი მაქვს, მხარეები შეთანხმებისკენ წასვლას მოვახერხებთ.

მე ვერ გავახმოვანებ მმართველი გუნდის პოზიციას, მოლაპარაკებებზე ეს არასწორია და ამას ვერ და არ გავაკეთებ. ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის, საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისთვის საზოგადოებისთვის კონსოლიდაციისთვის, ხელახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია. მმართველი გუნდის პოზიციის გახმოვანება ჩემგან არაკორექტულია, თუმცა ვაფიქსირებ, რომ დიდი განსხვავებაა ჩვენს პოზიციებში, ამიტომ არის ძალიან რთული პროცესი. იმედი მაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ განსხვავებებს შევამცირებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ მივიღოთ ის, რაც მიუღებელია.  

მეორე შეხვედრა შედგება საკმაოდ მალე, მე ვერ დაგისახელებთ კონკრეტულ თარიღს, მაგრამ შეხვედრები გაგრძელდება ფასილიტატორების მონაწილეობით და ვფიქრობთ, რომ ეს ისეთივე რთული პროცესია, შეიძლებ კიდევ უფრო რთულიც, როგორიც იყო წლის დასაწყისში, რომელიც დასრულდა 8 მარტის შეთანხმებით. მაგრამ, ჩვენ ვეცდებით, რომ კომპრომისი იყოს მოძებნილი, მაგრამ პასუხიმგებლობის ძალიან დიდი წილი არის მმართველი გუნდის მხარეს, რამდენად გაიაზრებენ ისინი ქვეყანაში შექმნილი კრიზისის სიღრმეს,"-განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

დღის ამბები