17 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
მზად ვართ ნებისმიერი პროცესისთვის, მათ შორის გადათვლის პროცესისთვისაც - გივი მიქანაძე

"ქართული ოცნების" წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დიალოგის პირველ დღეს მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი პოზიციები გაუზიარეს. 

გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" მზად არის არჩევნების შედეგების ხელახლა გადათვლის პროცესისთვისაც. 

"მნიშვნელოვანი იყო ამ დიალოგის დაწყება და ის პროცესი, რომ ჩაინიშნა კიდევ ერთი რაუნდი. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა პოზიციები გაცვალეს, კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენა. ბატონმა არჩილმა წარადგინა ის დეტალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს და სრულიად საქართველოს რამდენიმე დღის წინ გავაცანით იმ კონკრეტული ციფრების სახით, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო გარკვეულწილად აპელირებული და ჩვენ კონკრეტული ციფრები შევთავაზეთ, სადაც ჩანს, რომ არ ყოფილა გაყალბება, იყო აბსოლუტურად კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებული არჩევნები, რომლის შედეგებიც ცესკომ წარმოადგინა.

ჩვენ არა ერთხელ ვთქვით, რომ მზად ვართ ნებისმიერი პროცესისთვის, რომელიც აპელირებულია ჩვენი ოპონენტების მხრიდან, მათ შორის, გადათვლის პროცესისთვის.

ჩვენ ამ პოლიტიკური დიალოგისგან ველოდებით იმ მნიშვნელოვან გარემოებას, რასაც ჰქვია ჩვენი მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის პატივისცემა და იმ დემოკრატიული პროცესების განვითარებას, რომელიც უკვე საპარლამენტო ცხოვრებაში გადაიყვანს ამ პოლიტიკურ ურთიერთობებს და რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,"-განაცხადა მან. 

დღის ამბები