17 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
რა როლი ითამაშა დიალოგის დაწყებაში გრიგოლ ვაშაძის განცხადებებმა - ენმ-ს პარტიის თავმჯდომარის პოზიციას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა

"ღამის კურიერისთვის" მიცემულ გრიგოლ ვაშაძის ექსკლუზიური ინტერვიუდან  გაირკვა, რომ დიპლომატების ჩართულობით მოლაპარაკებები თითქმის ორგანიზებული იყო, რომელიც ჩაიშალა. ვინ ჩაშალა და რომელი ქვეყნის ელჩები ცდილობდნენ დაპირისპირებული მხარეების შეხვედრას - მთავარი შეკითხვა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ უპასუხოდ დატოვა. თუმცა, უფრო ვრცლად ისაუბრა მისი წერილობითი მიმართვის შესახებ, რომელიც ყველასგან მოულოდნელად ერთ-ერთი სააგენტოთი გაავრცელა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ პროტესტის შენარჩუნების ფონზე მოლაპარაკებები მათთვისაც მისაღებია და საპროტესტო მუხტის შენარჩუნებაზე პარტიის თავმჯდომარის და წევრების პოზიციები თანხვედრაშია.

თანაპარტილებისგან განსხვავებით, გრიგოლ ვაშაძის განცხადებების მიმართ კრიტიკულები იყვნენ "ევროპული საქართველოს" ლიდერები. მათი თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციას გრიგოლ ვაშაძისთვის პარტიების სახელით მოქმედების მანდატი არ მიუციათ. "ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ ვაშაძის განცხადებები ბუნდოვანია, თუმცა ოპოზიციის ერთობისთვის ზიანის მიყენება არ შუძლია.

"ღამის კურიერისთვის" მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუს შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისგან "გირჩის" ლიდერი პასუხს ელის კითხვაზე - რა სახის მოლაპარაკებები იგეგმებოდა და ვინ ჩაშალა ის. გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუდან კიდევ ერთი ფრაგმენტი გახდა დღეს ოპოზიციურ სპექტრში განხილვის თემა. პარტიებში ამბობენ, რომ არ იზიარებენ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოსაზრებას, რომ არსებულმა პროცესებმა, შესაძლოა, ოპოზიციის მარგინალიზაცია გამოიწვიოს.

დიალოგის და მოლაპარაკებების მზაობაზე "ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს. მმართველი პარტიის წევრებიც სამწუხაროს უწოდებენ ფაქტს, რომ ოპონენტებს მათთან სასაუბროდ დიპლომატების შუამავლობა სჭირდებათ.

დღის ამბები