"ლელოს" საარჩევნო შტაბში შეკრებილმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა დღეს საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს. ცესკოს შემადგენლობის ცვლილება, ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ამ საკითხებზე სასაუბროდ ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის მზადყოფნას დილიდანვე გამოთქვამდა.
ამ მოთხოვნების გადახედვას არ აპირებს მმართველი გუნდი, თუმცა მზაობას ოპოზიციასთან დიალოგზე უკვე რამდენიმე დღეა "ქართული ოცნებაც" საჯაროდ გამოთქვამს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ამომრჩეველთა ნების შეცვლაზე საუბარი, მოლაპარაკების საგანი ვერ გახდება.
შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან, სწრაფი გამოსავლის პოვნა, რომ ყველა პოლიტიკური აქტორის პასუხისმგებლობაა, ამაზე ყურადღება დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა გაამახვილა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის მდგრადი პოლიტიკური პროცესის შენარჩუნება აუცილებელია.