ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგის პროცესი დაიწყო. დიპლომატიური კორპუსი უშუალოდ ჩაერთო ქართული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში.
არჩევნებიდან მე-12 დღეს დიალოგის პირველი მცდელობა შედგა. მოლაპარაკების მაგიდასთან შეიკრიბნენ საქართველოში აკრედიტებული შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები, მმართველი პარტია და ყველა იმ ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა.
მოლაპარაკების დეტალები, არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის წარმომადგენლებისგან არ გახმაურდა. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 4 საათიანი შეხვედრის შემდეგ, მხარეები აცხადებდნენ, რომ შეთანხმება მიღწეულია დიალოგის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ მომავალი შეხვედრა უახლოეს პერიოდში დაიგეგმება.