საქართველოს პოლიტიკური ნაკრები 31 ოქტომბრის ანგარიშზე ვერ თანხმდება და ამაში დასახმარებლად დღეს დიპლომატიურ კორპუსს მიმართა. ასე შეაფასა "ღამის კურიერის" წამყვანმა დღეს გამართული შეხვედრა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის.
ირაკლი იმნაიშვილი "ღამის კურიერის" სტუდიაში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩაერთო, სადაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრისთვის საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უპირისპირდება. ირაკლი იმნაიშვილმა დღევანდელი პოლიტიკური მატჩის შეფასება პარტია "გირჩის" ლიდერს სთხოვა, რომელიც ასევე მონაწილეობდა დღევანდელ დიალოგში, ამჟამად კი ნაკრების საგულშემატკივროდ სტადიონთან იყო მისული.
ზურაბ ჯაფარიძემ დღევანდელი შეხვედრაზე წამყვანის თხოვნით სპორტული ალეგორიებით ისაუბრა და განაცხადა, რომ შეხვედრამ არცთუ ისე დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა და ბევრი პასები იყო:
"ძირითადად იყო პოზიციური დაცვა, ჩვენი მხრიდანაც იყო ჩვენი პოზიციის გაზიარება და ხელისუფლების მხრიდანაც. შევთანხმდით რომ შემდეგი ტაიმი გაიმართება. ტონი მისცეს შეხვედრას ჩვენმა ფასილიტატორებმა, ყველა მხარეს გააზრებული აქვს რომ ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეკონომიკური კრიზისია, პანდემიაა და რეგიონული პრობლემებია," - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
იყო თუ არა შეტევა, იერიში და კარის მიმართულებით დარტყმა. ამაზე ზურაბ ჯაფარიძის პასუხი იყო, რომ დღეს არა, თუმცა შემდეგ ტაიმში მოსალოდნელია.
კითხვაზე პოლიტიკური ტაიმერი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არის 21 ნოემბერი თუ პარლამენტის შეკრების დღე ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა, რომ კონკრეტული ვადა შეთანხმებული არაა, თუმცა განწყობა არის, რომ შეთანხმება 21 ნოემბრამდე უნდა შედგეს.
"ვადა შეთანხმებული არ გვაქვს, შეუძლებელია ასეთი ვადის შეთანხმება მაგრამ განწყობა არის რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ, თუ მოესწრება 21 ნოემბრამდეც," - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ და განაცხადა, რომ შესაძლოა კიდევ რამდენიმე შეხვედრა იყოს საჭირო.