17 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
პარტიები რომლებმაც ცესკოს მონაცემებით ბარიერი ვერ გადალახეს თვლიან, რომ შეხვედრას კელი დეგნანის რეზიდენციაში უნდა დასწრებოდნენ  

ამ დრომდე უცნობია, როდის გაიმართება დიპლომატების მონაწილეობით კიდევ ერთი შეხვედრა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს შორის. ოპოზიციის ნაწილის თქმით, ის ფაქტი, რომ გუშინ არ იმყოფებოდნენ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე პრობლემას ვერ ხედავენ, ნაწილი კი განაწყენებულია და ამბობენ, რომ იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ცესკოს მონაცემებით ბარიერი ვერ გადალახეს, გუშინდელ შეხვედრას უნდა დასწრებოდნენ.

"არავინ არ იცის ვინ გადალახა და ვინ არ გადალახა იმიტომ, რომ გაყალბება არის გაყალბება ზოგადად და როდესაც ყალბდება არჩევნები იქ ვის რა დონეზე გაუყალბეს ეს მე ვფიქრობ საელჩოების გადასაწყვეტი არ არის. თუ საერთოდ ზოგადად მიდის რეალურად გაყალბებასთან დაკავშირებით საუბარი იქ, მე დღესაც განვაცხადე, რომ სუბიექტად აუცილებლად უნდა იყოს თუნდაც ის არ გადალახული პარტიების წარმომადგენელი მაინც, რომელიც უნდა ესწრებოდეს. თუ ვინმე ცესკოს დაწერილ შედეგებს აღიარებს - ეს მისი პრობლემაა," – განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძემ.

აღსანიშნავია, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებს მოქმედების დამოუკიდებელი გეგმა ამ ეტაპზე არ გააჩნიათ, და მთლიანად დამოკიდებული არიან გაერთიანებული ოპოზიციის გადაწყვეტილებებზე.

"გუშინ ფორმალურად იყო შეკრება და ყველა ადასტურებს ამას, თავად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომ ჩვენ ფორმალურად ვუდგებით ამას, ფორმალური ნიშნით, ვისაც დე ფაქტო გადალახული აქვს ასე ვთქვათ და არასამართლებრივად იმიტომ, რომ ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ, ასე რომ არანაირი პრობლემა ამაში არ არის. მით უმეტეს, რომ მე კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მუდმივად მაქვს, თქვენ იცით და ამავდროულად მე მაქვს სრული ნდობა იმ ადამიანებისა, ვინც ახლა ჩვენი სახელით ლაპარაკობენ, ანუ კონსულტაციები იყო მუდმივი ამ შეხვედრამდე, შეხვედრის შემდეგაც მე ყველა მათგანთან მქონდა პრაქტიკულად კონსულტაცია, ასე რომ მე პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ," - აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

არჩევნების შემდეგ დამდგარი კრიზისიდან გამოსვლის გზების მოსაძებნად ბარიერგადალახული ყველა პარტია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გუშინ თავისივე რეზიდენციაში დაიბარა. ამ შეხვედრას არ ესწრებოდნენ ის პარტიები, რომლებიც შედეგს არ აღიარებენ, თუმცა 1%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

დღის ამბები