"ქართულ ოცნებაშიც", ისევე როგორც ოპოზიციურ პარტიებშიც, კომპრომისის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე "ქართულ ოცნებას" არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული იმ მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს აქვთ. საუბარია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე.
ამ ეტაპზე "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ამომრჩევლის გადაწყვეტილების გადახედვა კარგი გადაწყვეტილება არ იქნება.
"რაც შეეხება კომპრომისს, ჩვენ მემგონი ძალიან კარგად გვესმის, რომ მოსახლეობის ნებიდან გამომდინარე მოხდება ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება. ანუ მოსახლეობის გადაწყვეტილების რევიზია ბუნებრივია ვერ მოხდება ვერანაირად. ჩვენ მზად ვართ თუ კი რაიმე კითხვები არსებობს არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე დავსხდეთ, ვიმსჯელოთ და შევეცდებით, რომ ჩვენი სწორი პოზიციები ავუხსნათ ოპოზიციის წარმომადგენლებს და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მოსახლეობამ არჩევნებზე გამოხატა თავისი ნება და ეს ნება არის უზენაესი ხელისუფლებისთვისაც და ეს უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენლებისთვისაც მთავარი და მნიშვნელოვანი," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი.