პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ თამარ ჟვანია სისხლის სამართლის დამნაშავეა და ის მოლაპარაკებების პროცესს ხელს უშლის. ლევან იოსელიანი დარწმუნებულია, რომ ფასილიტატორი ელჩების შეფასება ძალიან მკაცრი იქნება. მისი მტკიცებით, თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ვერ დარჩება და ამაზე სრული კონსენსუსი არა მარტო ქვეყნის შიგნით არსებობს.
"თამარ ჟვანიას საქმე, რომ წასულია ეს ყველასთვის ცნობილია. ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე ამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე და მას დასაკარგი ფაქტობრივად არაფერი აქვს და ის აკეთებს იმას, რომ საბოლოო ჯამში ის, რაც ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლეს ჩვენმა ფასილიტატორებმა ელჩებმა და რამხელა დრო, ენერგია ჩადეს ამაში, რომ პირველი შეხვედრა შემდგარიყო - აი ამ პროცესს პირდაპირ ურტყამს ის, რაც მან გააკეთა და ამ პროცესის ჩაშლისკენ არის მიმართული.
რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ მათი შეფასება იქნება ძალიან მკაცრი, ახლა არ ვიცი ამას საჯაროდ იტყვიან თუ არა, მაგრამ ეს, რომ მათ არ მოეწონებათ ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. თამარ ჟვანია ვერ დარჩება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ - ამაზე არსებობს სრული კონსენსუსი არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებიც მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ამ ქალბატონის იქ ყოფნა ყველაფერს უშლის ხელს, მათ შორის უშლის ხელს დიალოგს, რომლის დაწყების კონტურები გამოიკვეთა და ასე, თუ გაგრძელდა შეუძლებელი იქნება რამე შეთანხმებამდე მისვლა," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.