ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, შვეიცარია, უკრაინა და აშშ - ის ქვეყნები არიან, ვინც ამჯერადაც საქართველოს გვერდით იდგა, განსაკუთრებით მწვავე იყო ჯეიმს გილმორი, ის ვინც ეუთოში ვაშინგტონს წარმოადგენს. დიპლომატმა 2008 წელს საქართველოში უკანონო სამხედრო შეჭრისა და ჰელსინკის აქტის სრული უგულებელყოფის გამო კრემლი კვლავ მკაცრად გააკრიტიკა და ისიც თქვა, რომ ამას განყენებულ მოვლენად სულაც არ განიხილავს.
პოლიტიკოსები მიზეზებს რეგიონში რუსეთის გავლენების გაძლიერებაში ეძებენ. მათი ვარაუდით ყარაბაღის მოვლენებმა დასავლეთისთვის გაფრთხილების სიგნალი აამუშავა და ყურადღება საქართველოს კონფლიქტის მიმართ გაზარდა, რასაც ახლა გამოყენება სჭირდება.
მმართველ გუნდში დიპლომატების გზავნილებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციებს განყენებულად არ განიხილავენ, მათთვის ჯეიმს გილმორის განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის გახმოვანებაა.
ვიდრე ეუთოში კონფლიქტის გადაჭრის ახალ ხედვებზე ფიქრობენ, ქართული მხარე კვლავ ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საუბრობს და ელის, რომ ამჯერად მაინც რუსეთი არ იმანიპულირებს პანდემიით და 10-11 დეკემბერს ჟენევაში ჩანიშნულ მოლაპარაკებათა 51-ე რაუნდს დაესწრება.
ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში დღეს კიდევ ერთხელ მიუბრუნდნენ იმ დასკვნას, რომ ბოლო წლებში ხელშესახები პროგრესი საქართველო-რუსეთის კონფლიქტის გადაჭრის კუთხით ვერავინ იხილა, რაც კიდევ ერთხელ აჩენს ამ და სხვა ორგანიზაციების მიდგომებში ახალი ხედვების აუცილებლობას.