17 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
ოქმების განხილვა პროტესტის, ყვირილის და ხმამაღალი შეძახილების ფონზე - ცესკოში სხდომა ამ დრომდე გრძელდება

ხმაური ცესკოში და ცესკოსთან, სადაც გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმების განხილვა მიმდინარეობს. უკვე 3 საათია საარჩევნო ადმინისტრაციას გადაწყვეტილების გამოტანა პროტესტის, ყვირილის და ხმამაღალი შეძახილების ფონზე უწევს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების გაყალბებას სხვებთან ერთად აპროტესტებენ და ყველაზე მეტად აქტიურობენ ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი და ხათუნა გოგორიშვილი, რომლებიც თავის დროზე ანალოგიური ბრალდებების ადრესატები იყვნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დღეს გოგორიშვილის გაძევების საკითხიც დააყენა. ამის გარდა, დღესვე, ზოგიერთი პოლიტიკოსი თამარ ჟვანიას ციხითაც კი ემუქრებოდა. ვითარება ცესკოში იმდენად დაიძაბა, რომ მანდატურების ჩარევაც გახდა საჭირო.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა ამ დრომდე მიმდინარეობს.  ახლა შედარებით მშვიდი ვითარებაა. განსაკუთრებით დაძაბული კი სიტუაცია ადგილზე დაახლოებით 1 საათის წინ იყო. მაშინ, როდესაც „ევროპული საქართველოს“ წევრები სხდომათა დარბაზში შევიდნენ და სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ თამარ ჟვანიამ ხათუნა გოგორიშვილის სხდომათა დარბაზიდან გაძევება მოითხოვა. 

მიზეზი, რის გამოც მოხდა დაძაბულობა იყო ის განცხადებები, რომელსაც ხათუნა გოგორიშვილი აკეთებდა. ის ფორსირებულ რეჟიმში ოქმების განხილვაში თამარ ჟვანიას ადანაშაულებდა და ამავდროულად ამბობდა, რომ არ ხდებოდა ობიექტურად საჩივრებისა და ოქმების განხილვა.

დღის ამბები