17 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული 8000 ოქმიდან საუბნო კომისიის წევრს 4 შემთხვევაში აქვს განსხვავებული მოსაზრება - თამარ ჟვანია

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ოპოზიციის საჩივრების განხილვის სხდომაზე განაცხადა, რომ ხმების პარალელური დათვლით შედეგის სიზუსტე დასტურდება. თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ ციფრები, რომლებიც ოთარ კახიძემ დაასახელა აბსოლუტურად არასწორია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, 8 000-მდე ოქმია ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული და მხოლოდ 4 შემთხვევაში აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს განსხვავებული მოსაზრება დადასტურებული.

"4%, რაც დასახელდა, რა თქმა უნდა, საერთოდ არაფერ კავშირში არ არის პარალელურ დათვლასთან და ამაზე ძალიან ცხადი განმარტება გააკეთა "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა რამდენჯერმე ტელევიზიით, მაგრამ ეტყობა არ უნდათ ამის გაგება იმიტომ, რომ პარალელურ დათვლასთან კავშირში არ არის საერთოდ ის 4%, რაზეც საუბრობდა "სამართლიანი არჩევნები". პარალელური დათვლა აჩვენებს ზუსტად იმ შედეგებს, მათ შორის, ამ სუბიექტთან მიმართებაში და უფრო ნაკლებსაც ჩემი აზრით, როგორც მახსოვს, ვიდრე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს დათვლილი და სწორედ პარალელური დათვლით დასტურდება, რომ შედეგი არის ზუსტი ამ სუბიექტებთან მიმართებაში.

ამ შემთხვევაში, კიდევ ერთს ვიტყვი, რომ ის ციფრები, რომლებიც დაასახელა ბატონმა ოთარმა აბსოლუტურად არასწორია და არ ვიცი საიდან ითვლის და რანაირად ითვლის ამ რაოდენობებს.

არც ერთი იმ მოსაზრებას მე პირადად არ ვეთანხმები და იმ მონაცემებს, რომლებიც ასე დეზინფორმაციული სახით გაჟღერდა და რომელიც უკვე დაზუსტებულია, რომელიც გადათვლილია და რომელიც, მათ შორის, იმ კომისიების წევრების მიერ არის ხელმოწერილი და არც ერთზე არ არის განსხვავებული აზრი დაფიქსირებული, რასაც თავად  ეს სუბიექტი ასაჩივრებს, ამ შემთხვევაში, განსხვავებულ აზრებს ვგულისხმობ.

8 000-მდე ოქმია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ატვირთული, შეიძლება უფრო მეტიც სხვადასხვა სახის არჩევნებისთვის და მხოლოდ 4 შემთხვევაში აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს განსხვავებული მოსაზრება დადასტურებული," - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცესკოში დაპირისპირების შემდეგ თამარ ჟვანიამ 10 წუთიანი შესვენება გამოაცხადა, რის შემდეგაც "ევროპული საქართველოს" წევრების ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა. ამის შემდეგ, უკვე შემაჯამებელი განცხადება გააკეთა ოთარ კახიძემ, რომელმაც შეაჯამა ის საჩივრები, რომელიც პოლიტიკურ პარტიას ცესკოში დღეს ჰქონდა წარმოდგენილი. ისინი ოცდაათივე ოლქის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ და მთავარ დარღვევად, რასაც ოპოზიციურ პარტიის წარმომადგენლები ასახელებდნენ, დისბალანსი იყო. მას შემდეგ. , რაც ოთარ კახიძემ საკუთარი სიტყვა დაასრულა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა ცესკო დატოვეს.

დღის ამბები