რის მიხედვით შეაჯამა ოქმები ცესკომ, ეს იყო საუბნო თუ საოლქო ოქმების შეჯამება - აღნიშნულ კითხვას "ღამის კურიერის" ეთერში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე პასუხობს.
გიორგი შარაბიძემ განმარტა, რომ საუბნო შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე შემაჯამებელი ოქმები საოლქო საარჩევნო კომისიებში დგება მას მერე, რაც ყველა ეს ოქმი კანონიერ ძალაში შევა.
"ძალიან მარტივია თემა და მინდა ყველამ კარგად გაიგოს: საუბნო შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე შემაჯამებელი ოქმები საოლქო საარჩევნო კომისიებში დგება მას მერე, რაც ყველა ეს ოქმი შევა კანონიერ ძალაში.
რა ნიშნავს შევა კანონიერ ძალაში? ნიშნავს იმას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები განიხილავენ საჩივრებს, აკმაყოფილებენ ან არ აკმაყოფილებენ, შემდეგ ეს საჩივრდება სასამართლოში და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისია აჯამებს საკუთარ ოლქში არჩევნების შედეგებს მაჟორიტარულ ნაწილში და ასევე ადგენს ამ შემაჯამებელ ოქმს პროპორციულ ნაწილში. შემდეგ შემაჯამებელი ოქმები მოდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
ამ მონაცემების საფუძველზე ცესკო ადგენს საკუთარ შემაჯამებელ ოქმს, ამიტომაც, ეს კითხვა თავისთავად და მასზე პასუხი, აბსოლუტურად ყველა ჩართულმა მხარემ იცის. სხვათა შორის, მე ეს სხდომაზე თავიდანვე ვთქვი, ის არის ის სამი საკითხი, რომლის განხილვაც უნდა მოხდეს ცესკოს მიერ და არის მისი დისკრეცია.
ეს არის - ხომ არ დაირღვა კანონი შემაჯამებელი ოლქის შედგენისას საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, როგორც საარჩევნო კოდექსი ისე ზოგადად ადმინისტრაციული კოდექსი; ხომ არ მოხდა ისე, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა შემაჯამებელი ოქმები მიიღეს ისე, რომ კანონიერ ძალაში არ იყო უბნის შემაჯამებელი ოქმები შესული; ან ხომ არ მოხდა ისე, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შეჯამებულ ოქმებში ციფრები არასწორად არის ასახული - ეს არის ის 3 უმარტივესი სამართლებრივი საკითხი, რომელზეც პასუხს მოითხოვდა ყველა მომჩივანისგან და სამწუხაროდ ამ პასუხების გარდა ჩვენ მოვისმინეთ ყველაფერი," - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.