რატომ არის აუცილებელი მაინცდამაინც დღეს შუალედური ოქმის შეჯამება, როდესაც კიდევ არის სამი დღე დარჩენილი - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ბევრი პროცედურული საკითხებია დასარეგულირებელი, რომელიც 19 ნოემბრის შემდეგ ვერ მოესწრებოდა. მათ შორის, გიორგი შარაბიძე ამბობს, რომ გასათვალისწინებელია იმ ამომრჩეველთა ინფორმირება, რომლებმაც საკუთარი არჩევანი სტაციონარებსა და საავადმყოფოებში უნდა დააფიქსირონ.
"თქვენ თუ გადახედავთ დღევანდელი სხდომის დღის წესრიგს, მეორე ტურების დანიშვნის აქტიდან, რომელიც აუცილებლად უნდა უძღოდეს შემაჯამებელი ოქმის შედგენა, ჩვენ დღეს მივიღეთ უამრავი დადგენილება, რომელიც უკავშირდება პროცედურებს, ბიულეტენების ბეჭდვას, ასევე იმ საშუალების შექმნას, როგორც პირველი ტურისას, სტაციონარში, საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულმა ამომრჩეველმა შეძლოს საკუთრი კონსტიტუციური უფლების რეალიზება მეორე ტურისთვის.
19 ნოემბერს ჩვენ ეს რომ გაგვეკეთებინა, როგორ უნდა მოგვესწრო ბიულეტენების ბეჭდვა, როგორ უნდა მოგვესწრო ამომრჩევლის ინფორმირება, როგორ და რა წესით აძლევენ ისინი ხმას, სტაციონარებში, საავადმყოფოებში და ა.შ.
ყველა წინა არჩევნებზე, სადაც მეორე ტური იყო საჭირო, ძალიან ბევრად ადრე, ვიდრე მე-19 დღეა და მე-19 დღემდე წერია, ანუ არა უგვიანეს მე-19 დღისა ამ კოდექსში, რაც აბსოლუტურ უფლებამოსილებას აძლევს საარჩევნო ადმინისტრაციას, მეტიც, ეს არის კარგი საერთაშორისო პრაქტიკა, როცა ყველა ჩართულმა მხარემ, მათ შორის, ყველაზე მთავარმა ბენეფიციარმა, ამომრჩეველმა, ზუსტად იცის, სად, როგორ დ რა პირობებით მისცემს მეორე ტურში ხმას,“ - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.