"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის წინ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი პარლამენტში არ შევა.
მან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსაც მიმართა და უთხრა, რომ ნუ ეშინიათ.
"აბა, ვინ გამოჩნდება ის ქართველი, რომელიც იტყვის, რომ დეპუტატად, ბიძინას მონად შევდივარო, ასეთს მე არ ვიცნობ ოპოზიციაში. არა! მიხარია, რომ დღეს შევიკრიბეთ, ერთად ვართ. მწყინს, რომ კვლავ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ რუსული მმართველობა გვადგას უღლად მხრებზე. დიახ, თუ რამ უბედურება გვჭირს, მხოლოდ იმ ერთი ცუდი მეზობლის გამოა, რომელმაც ეს მარგალიტივით ქვეყანა ვერ შეირგო.
მე ვხედავ - "მიშა საქართველოს გადარჩენის შანსიაო". მოდით, ასე ვისაუბროთ: ნურც იმ მიშას ხსენების გეშინიათ, რა. მოდით, ვისაუბროთ, თუ რამე კარგი გააკეთა, ის კარგი დავტოვოთ. თუ რამე დანაშაულებრივი ქმედებები იყო, იმიტომ შეიკრიბა განახლებული ახალი ოპოზიცია, ახალი სახეებით, რომ იმ გაკეთებულს ჩამოვაცილოთ დანაშაულებრივი და გავაკეთოთ კანონით, სამართლით, აღმშენებლობით, ახალი სახეებით, მაგარი საქართველო ავაშენოთ. პოლიტიკაში არის ეტაპები, დღეს ქართულ ოპოზიციას სჭირდება ერთად დგომა, დღეს ეს ეტაპია. ასე აეწყო ჩვენი ცხოვრება. ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ვიღაც არ მოსწონს, პოლიტიკამ იცის ასე. ეტაპია ასეთი. ჩვენ შევიკარით იმისთვის, რომ ეს რუსი ოლიგარქი გადავაგდოთ, ჯერ ეს არის გასაკეთებელი. როცა კანონს და სამართალს დავახვედრებთ ქვეყანაში, ყველა ნიჭიერი ქართველი შემოვა საქართველოში: მიშაც, გრიშაც, გიორგიც, პეტრეც და სუყველა. ამიტომ, არ შეგვეშინდეს ერთმანეთის, დღეს ყველა ერთი ვართ, მთელი საქართველო ერთი ვართ,"-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.