"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციიდან არავინ ემზადება არჩევნების მეორე ტურებისთვის და პარლამენტშიც შესვლას არავინ არ აპირებს.
"დააკვირდით რას ლაპარაკობს "ქართული ოცნება", ყოველ დღე ამბობენ, მეორე ტურებისთვის ემზადებიანო. არავინ არ ემზადება მეორე ტურებისთვის. ყოველ დღე ამბობენ პარლამენტში შემოსვლისთვის ემზადებიანო, არავინ არ ემზადება პარლამენტში შემოსვლისთვის. ხალხო მილიარდერმა ერთი ადამიანის ყიდვა ვერ მოახერხა ოპოზიციიდან, ერთი ადამიანის გატეხვა ვერ მოახერხა ოპოზიციიდან. ვამაყობ მე, რომ ჩვენ დღეს ერთად ვდგავართ ყველა," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გუშინ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ოპოზიციური ის პარტიები, რომლებიც არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ მაჟორიტარულ ოლქებში, უკვე მეორე ტურისთვის ემზადებიან.