17 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
დავაფენთ სტიკერს, რომელსაც ეწერება "გაყალბებულია" და დავდგებით ზედ - გიგი უგულავას თქმით, მაიკ პომპეოს პერფორმანსით დახვდებიან

"ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მდუმარე აქციით შეხვდება.

მან, ასევე, დააანონსა აქცია 21 ნოემბერს, როდესაც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, მეორე ტურები სიყალბეა და ამაში მონაწილეობა არავინ არ უნდა მიიღოს. 

"იცით, რომ 17 და 18 ნოემბერს საქართველოს ეწვევა ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი მაიკ პომპეო. ჩვენ ყველანი მივესალმებით მას, ჩვენთვის თავისუფლების გარანტი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენელს. ასევე, ჩვენ ვანახებთ ჩვენს მსოფლიოს, იმიტომ, რომ იმ დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება იქნება საქართველოსკენ, ვანახებთ, ჩვენი მდუმარე პროტესტით. დავაფენთ თითოეულ სტიკერს, სადაც ეწერება "გაყალბებულია" და რუსთაველის პირველიდან ჭავჭავაძის გამზირის პირველამდე, მთელი ცენტრალური პროსპექტები მოფენილი იქნება. დავაფენთ, დავდგებით ზედ და ვიტყვით: გაყალბებულია, გაყალბებულია, გაყალბებულია! და ამ სიყალბეს არ მივიღებთ. ხშირად ამბობენ, რომ იმასთან არ დავდგები, ამასთან არ დავდგები - ორი მეტრი იქნება დისტანცია, შეიძლება გვერდით ისეთი მეზობელი იყოს, რომელიც არ გიყვარს, ან ისეთი პარტია, რომელიც არ გიყვარს - მნიშვნელობა არ აქვს. გამოდი, დადექი, თუ მიიჩნევს, რომ გაყალბებულია, იმიტომ, რომ ისიც თვლის, რომ გაყალბებულია.

შემდეგი აქცია იქნება მერე თვითგამოცხადებული მეორე ტურების დღეს, 21 ნოემბერს, რომელიც გამოგვიცხადა ქალბატონმა ჟვანიამ - უნდა გამოვიდეთ, მეგობრებო და პროსპექტებზე გავაკეთოთ ჯაჭვი, ნიშნად იმისა, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც შეიძლება ჯერ კიდევ ჰგონია, რომ იმ სიყალბეში მონაწილეობა მისი მოქალაქეობრივი ვალია, შევახსენოთ და ვუთხრათ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა, რადგან მეორე ტურები არის სიყალბე,"-განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები