"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, ოპოზიციის მიმდინარე აქციის პარალელურად, პარტიის სახელით სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ოპოზიციამ შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე: ბიულეტენების გადათვლასა და ვიდეო-ჩანაწერების ნახვაზე - უარი თქვა.
"გვინდა საზოგადოება მიმდინარე მოლაპარაკებებზე საქმის კურსში ჩავაყენოთ. "ქართული ოცნება" არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას - ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ხალხის არჩევანს. პანდემიის უმძიმეს პირობებში პარტიების ნება 2 მილიონამდე ამომრჩეველმა გამოხატა, სადაც მილიონამდე ამომრცეველმა, მხარი სწორედ "ქართულ ოცნებას" დაუჭირა. ამისათვის მადლობა ჩვენს ამომრჩეველს და მათ მივმართავ, არავინ აპირებს ისე წარმართოს პოლიტიკური დიალოგი, რომ თქვენი ხმები და მხარდაჭერა ვინმემ გაბედოს და მეორეხარისხოვნად მიიჩნიოს. დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით, მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ, ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად კი, ოპოზიცია საჯაროდ საუბრობს იმაზე, რომ ისინი ხმების გადათვლაზე არ თანხმდებიან. ამიტომ, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ ყოფილიყო, ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე: ბიულეტენების გადათვლასა და ვიდეო-ჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ კარუსელებზე. როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის სიმართლე გაირკვეს და ურჩევნიათ მოდელირებული გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ. ვიტოვებთ იმედს, რომ მათი უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება და დიალოგი ქვეყნისათვის პოზიტიური შედეგებით დასრულდება," - განაცხდა კახა კალაძემ.