"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა აყვანილი. კახა კალაძის განმარტებით, ვერავინ გაბედავს ადამიანებს შეუზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა კანონდარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურების მხრიდან კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან სააკაშვილი პოლიტიკური წარსული გახლავთ.
"სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის აყვანილი უმაღლეს დონეზე და რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ გაბედავს ადამიანებს შეუზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, ან დააფიქსიროს სხვადასხვა ფორმით თავიანთი შეხედულება პოლიტიკურ საკითხებზე, მაგრამ ვინც კანონს გაცდება, მე ძალიან ბევრჯერ მითქვამს ეს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო და არავის არ ეპატიება თავზე დაიმხოს ქვეყანა და კანონები, შესაბამისად, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ სააკაშვილი დღევანდელი გადმოსახედიდან, გახლავთ პოლიტიკური წარსული," - განაცხადა კახა კალაძემ.