პარლამენტთან მიმდინარე აქციის პარალელურად, დღეს, "ქართულ ოცნებაში" მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შესახებ განცხადებები გაკეთდა. ამ თემაზე გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემაც ისაუბრა. კალაძის თქმით, შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა ოპოზიციას, ბიულეტენების გადათვლა და ვიდეოჩანაწერების ნახვა შესთავაზა, თუმცა მისი ინფორმაციით, ოპონენტებმა ორივე წინადადებაზე უარი თქვეს.
კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიციის ინტერესი არ არის გაირკვეს სიმართლე. დიალოგის დეტალებზე, მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს ოპოზიციამ სიცრუე უწოდა.
მათი თქმით, იმ საკითხზე თავიდანვე იყო საუბარი, რომ ხმების გადათვლა არ იქნებოდა. ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის წითელი ხაზი არის ხელახალი არჩევნები და არა გაყალბებული ხმების გადათვლა.
"ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ არანაირი ხმების გადათვლა არ იქნებოდა, რადგან ეს შედეგების სურათს ვერ აჩვენებს. როგორ უნდა გადავთვალოთ კარუსელში მონაწილე ხალხი და ისინი ვისაც პირადობები წაართვეს? წითელი ხაზი არის ხელახალი არჩევნები და არა ხმების გადათვლა," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
რაც შეეხება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას პოზიციას, ის აცხადებს, რომ ხმების გადათვლა ვერ მოიცავს გაყალბების სურათს.
"გუშინ ცესკოში რაც ქნეს, უკანონოდ და ნაჩქარევად შეაჯამეს ეს ყველაფერი იმ პანიკაზე მეტყველებს, რომელიც ამ რეჟიმს აქვს. იმ უბნების გადათვლაზეც კი, სადაც ოპოზიციის საჩივრები იყო თვითონ არ იყვნენ მზად და ამიტომ გვითხრეს უარი. მათი კონტროლის ქვეშ არის ყველა ის ინსტიტუტი, რომელმაც უარი გვითხრა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადათვლები, ვერ მოიცავს გაყალბების მასშტაბს, უბრალოდ გადათვლა და გახსნა ავლენს უტიფარ ხასიათს. უარი როგორ უნდა გვეთქვა ამაზე, უბრალოდ ეგ არ არის გამოსავალი, თორემ ეგ უნდა მომხდარიყო, რადგან საჩივრები გვქონდა დაწერილი," - აცხადებს გიგა ბოკერია.
ალეკო ელისაშვილმა კი, კახა კალაძის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ოპოზიციამ შეთანხმების მიუხედავად გაასაჯაროვა ის საკითხები, რომელზეც ჯერ არ უნდა ესაუბრათ - მდაბიო საქციელად შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ უარი არაფერზე უთქვამთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები არა თუ გაგრძელდებოდა, არამედ უკვე მორჩენილი იქნებოდა.
"კალაძე იმ შეხვედრას არ ესწრებოდა, ამასთან, შეხვედრა და დიალოგის ფორმატი ნარჩუნდება. ჩვენ ვართ შეთანხმებულები რომ დეტალებზე არ უნდა ვისაუბროთ და ასეც ვაკეთებთ, ეს განცხადება კალაძის ტრადიციულად მდაბიო საქციელია. ჩვენ არაფერზე უარი არ გვითქვამს, რამეზე რომ კატეგორიული უარი გვეთქვა, მოლაპარაკებები დასრულდებოდა, თუმცა გრძელდება," - აღნიშნავს პარტია ”მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.