დღეს ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლებასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან უკვე მეორედ დასხდნენ. დიალოგი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ამჯერადაც ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა.
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ შეხვედრაზე კონკრეტული წინადადებით მივიდა, მაგრამ ოპონენტებისგან უარი მიიღო. მმართველი პარტიის ლიდერებმა დღეს ღიად განაცხადეს, რომ ოპონენტებს ხმების ხელმეორედ გადათვლა შესთავაზეს.
კონფიდენციალობის მიუხედავად, ოპოზიციონერი ლიდერების კომენტარებიდან გამოიკვეთა, რომ ხმების ხელახალი გადათვლის თაობაზე საუბარი მოლაპარაკებათა მაგიდაზე ნამდვილად იყო, თუმცა ოპოზიცია უარს აცხადებს. ცესკოს გუშინდელი ხმაურიანი სხდომის შემდეგ, რა დროსაც, მათი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიების მონაცემების ნაჩქარევად შეჯამდა და ოპოზიციის პრეტენზიების უგულებელყოფა მოხდა.
ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების შუამავლობით რიგით მესამე შეხვედრა არ არის გამორიცხული ხვალვე შედგეს. თუმცა, ექნება თუ არა მას ხელშესახები შედეგი და თუ ექნება, ვისთვის, ეს დიალოგის მთავარ ინტრიგად რჩება.