პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერიდან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, გია ბარამიძეს უპასუხა, რომელმაც ელისაშვილი ოპოზიციის ერთიანობის დარღვევის მცდელობაში დაადანაშაულა.
მისი შეფასებით, ოპოზიციის ერთიანობას "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები არღვევენ ბოლოდროინდელი განცხადებებით.
"ბარამიძემ სისულელეები თავისკენ მოიკითხოს. ერთიანობას არ ვარღვევ. ჩემთვის, ამ ერთიანობაში ყოფნა ძალიან დიდი დისკომფორტია, ძალიან ბევრ ჩემთვის მიუღებელ ადამიანთან ერთად ვდგავარ იქ. უბრალოდ, იმიტომ ვდგავარ იქ, რომ მიმაჩნია, ძალიან დიდი ეროვნული საკითხი და პრობლემაა გადასაწყვეტი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევძლოთ, რომ არჩევნებს ჰქონდეს შინაარსი, ტარდებოდეს პატიოსნად და არ ტარდებოდეს ისე, როგორც 30 წელია ტარდება და როგორც 31 ოქტომბერს ჩატარდა.
ამ მიზნის გამო მე ჩემს თავს და ჩემს დამოკიდებულებებს პარტიებისა და ადამიანებისადმი ვაბიჯებ, ჩემს გუნდთან ერთად და იმიტომ ვდგავარ იქ. დღეს მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას ვთქვი, რომ პარტიები სახლში უნდა დავტოვოთ, როცა საერთო ეროვნულ მიზანს ეხება საქმე. ასე რომ, თუ ვინმე არ არღვევს ამ ერთიანობას, ვარ მე და თუ ვინმე არღვევს ბოლო დროს ერთიანობას, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, თუ ბოლოდროინდელ ამბებს გავიხსენებთ. ვგულისხმობ სააკაშვილის განცხადებებს, ვაშაძის განცხადებებს და ა.შ. თუ რამე არღვევს ამას, არღვევს ეს,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.