პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციური აქციები გაგრძელდება და ძალიან მძაფრი ბრძოლა იქნება იმისთვის, რომ პარლამენტი არ შეიკრიბოს. ალეკო ელისაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" ოპოზიციური გაერთიანებისგან მიიღებს არა რევოლუციასა და გადატრიალებებს, არამედ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში დაპირისპირებას.
"აქციები გაგრძელდება და გაცილებით მძაფრი აქციები იქნება რა თქმა უნდა. როგორ ჰგონიათ ახლა, რომ ერთპარტიულ პარლამენტს ისე მშვიდად და წყნარად ჩაატარებენ, რომ ვითომ არაფერი და გარეთ ბულბულების და იადონების ჭიკჭიკი იქნება? რა თქმა უნდა იქნება ძალიან მძაფრი ბრძოლა იმისთვის, რომ ის პარლამენტი არ შეიკრიბოს, იქნება სირცხვილის დერეფნები და ათასი რამ, რომ ჰქონდეთ დისკომფორტი და იგრძნონ სუსხი ამ პოლიტიკური კრიზისის. არ მეხალისება, უსინდისო ვიყო, არ მეხალისება. როგორ წარმოგიდგენიათ რა მირჩევნია, პარლამენტში შევიდა და ვიჯდე, აგერ მანდატი ჯიბეში მიდევს ხო თუ გარეთ ვიჯაჯგურო და წყლის ჭავლი მასხან. რა მირჩევნია, რა ურჩევნია ყველა ნორმალურ ადამიანს, როგორი მარტივი არჩევანია არა?! რა თქმა უნდა იქ წასვლა მირჩევნია, მაგრამ ასე სჭირდება საქართველოს ჯერჯერობით, რახან გონს ვერ მოეგო "ქართული ოცნება" ჩვენგან მიიღებენ ბრძოლას, თუმცა არა რევოლუციას და გადატრიალებებს, არამედ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში ძალიან მძაფრ ბრძოლას და დაპირისპირებას,"- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.