კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, თუ როგორ არის შესაძლებელი პროცედურულად ხელახალი და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.
მისი თქმით, ხელახალი არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში ინიშნება, თუკი არჩევნების შედეგები ბათილად იქნება ცნობილი საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია იგივე რჩება, რადგან მის შეცვლას დასჭირდება ცვლილებები საარჩევო კოდექსში, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს.
"ოპოზიციის მოთხოვნა შეიცავს ხელახალი არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას. პარლამენტის შეკრებამდე შესაძლებელია შეიქმნას ის ვითარება, რომ აუცილებელი გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება. თუმცა, გასათვალისწინებელია ორი რამ:
პირველ რიგში ის, რომ მე ვერ ვხედავ შესაბამისი გარემოებების შექმნის რეალურ შესაძლებლობას, რადგან ხელახალი არჩევნები ინიშნება, თუკი ბათილად იქნა ცნობილი არჩევნების შედეგი საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში, ან იმდენ საარჩევნო უბანში, სადაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობა ამომრჩევლის საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია. ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ.
მეორე მიზეზი არის ის, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია დარჩება იგივე, რადგან მისი დაკომპლექტების წესის შეცვლას სჭირდება ცვლილებების შეტანა საარჩევნო კოდექსში. ცხადია, ეს ახლა ვერანაირად ვერ განხორციელდება,"-განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
კონსტიტუციონალისტის მოსაზრებით, ბევრად უფრო მარტივადაა შესაძლებელი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, თუმცა, ამისთვის უმრავლესობის კეთილი ნება იქნება საჭირო.
"არის შესაძლებლობა, რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, რომელიც შეიძლება დაინიშნოს უკვე პარლამენტი შეკრების მერე. რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვალდებულება წარმოიქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი ვერ შექმნის მთავრობას, ან თუ შექმნა მთავრობა და გარკვეული დროის შემდეგ მთავრობამ დასვა პარლამენტის წინაშე ნდობის გამოცხადების საკითხი, პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა და ვეღარ შექმნა მთავრობა. ეს სცენარი შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამაზე თანახმა იქნება ის, ვისაც პარლამენტში უმრავლესობა ექნება. "ქართული ოცნება" და ოპოზიცია თუ შეთანხმდნენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თაობაზე, ვთქვათ, იმ დროის შემდეგ, რაც შეტანილი იქნება შეთანხმებული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, ოპოზიციის პარლამენტში შეუსვლელად ამის გაკეთება შეუძლია "ქართულ ოცნებას". პარლამენტის შეკრების მერე, როდესაც ის ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას, მას შეუძლია 10 დღის ვადაში შეიტანოს სათანადო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, და ამ ცვლილებით შესაძლებელი იქნება შეიცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი. ყველა პარტიას ჰყავდეს თითო წარმომადგენელი, შემცირდეს ზემდგომი კომისიის მიერ დანიშნულ წევრთა რაოდენობა და მმართველ პარტიას აღარ ჰქონდეს საუბნო საარჩევნო კომისიებში უმრავლესობა. ასეთი კომისიების მიმართ ნდობის ხარისხი იქნება უფრო მაღალი.
ანუ, ჯერ განხორციელდეს ეს ცვლილებები, შემდეგ დადგეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი, პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადება, ახალი მთავრობის ვერ შექმნა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ეს სცენარი შეიძლება განხორციელდეს როგორც ოპოზიციის პარლამენტში შესვლის, ისე არ შესვლის შემთხვევაში,"-განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
ვახტანგ ხმალაძე ფიქრობს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ვერმიღწევის შემთხვევაში ერთპარტიული პარლამენტი აუცილებლად გამოიწვევს პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც რიგგარეშე არჩევნების მიზეზი გახდება. თუმცა, ის მიიჩნევს, რომ შეუთანხმებლობის შემთხვევაში, უმჯობესია, ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, შექმნას საგამოძიებო კომისია და საარჩევნო ოლქებში შედეგების გაბათილებას ამ გზით მიაღწიოს.
"თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ მოხდა, თუ ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში, ამ დროს იქმნება პოლიტიკური კრიზისი, ერთპარტიული პარლამენტი ყოველთვის იწვევს პოლიტიკურ კრიზისს. ადრე თუ გვიან შეიქმნება ისეთი პოლიტიკური კრიზისი, როდესაც ეს ერთპარტიული უმრავლესობა იძულებული გახდება წავიდეს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში და შექმნის საგამოძიებო კომისიას, დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო უბნების მასალების გასაჯაროებით უამრავი კანონდარღვევა გამოვლინდება და ამით შექმნას დამატებითი ზეწოლის მექანიზმი საპარლამენტო უმრავლესობაზე, იმისათვის რომ სწრაფად დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები და არა მაშინ, როდესაც პოლიტიკური კრიზისი მიაღწევს ისეთ ხარისხს, რომ პარლამენტი იძულებული გახდეს დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. მე მგონია, რომ ეს გზა შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში უფრო ადრე გამოიწვევს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, ვიდრე ერთპარტიული პარლამენტის ხელში ქვეყნის დატოვება,"- განაცხადა მან.