პარტიების ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ოპოზიციის ერთიანობის დარღვევაში ადანაშაულებს. განცხადებები პირდაპირ ეთერში გაკეთდა. ამ თემაზე კამათი პარტია "მოქალაქეების" ლიდერსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი ბარამიძეს შორის მოხდა. ალეკო ელისაშვილმა მისი პოზიცია "კურიერთან" გააჟღერა.
"ბარამიძემ სისულელეები თავისკენ მოიკითხოს, ერთიანობას არ ვარღვევ. ჩემთვის ამ ერთიანობაში ყოფნა არის ძალიან დიდი დისკომფორტი, მილიონჯერ მითქვამს და ვიმეორებ. ძალიან ბევრ ჩემთვის მიუღებელ ადამიანთან ვდგავარ იქ. თუ ვინმე არ არღვევს ამ ერთიანობას, ვარ მე და თუ ვინმე არღვევს ამ ბოლო დროს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, კარგად გაიხსენეთ ბოლო დღის ამბები," - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა და მაგალითად მიხეილ სააკაშვილისა და გრიგოლ ვაშაძის ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები მოიყვანა.
კამათის შემდეგ კი, გიორგი ბარამიძემ განცხადება სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა. მან მიხეილ სააკაშვილის სტატუსი გააზიარა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერს, რომ მთავარი თემა ერთიანობა უნდა იყოს და არა მისი საკითხი, რადგან მას ცალკე აღებული ამბიციები არ აქვს და არც თანამდებობის წართმევას უპირებს ვინმეს.
გიორგი ბარამიძე წერს, რომ ოპოზიციის მომხრეთა დიდი ნაწილი სწორედ სააკაშვილის და ენმ-ს მხარდამჭერია და აბსურდულია ოპოზიციის სხვა ლიდერების მიდგომა, რომ მათ გამარჯვებისთვის ეს ხალხი უნდათ და მისი ლიდერი არა:
"ესაა მიშას მიდგომა და პასუხი ყველას, ვინც მასზე უპატივცემულოდ და აგდებულად საუბრობს. მიშას აქვს უფლება მასზე თავდასხმას ასე სულგრძელად უპასუხოს. ამავდროულად არის ასობით ათასი ადამიანი (მიშას და ენმ მხარდამჭერი) ვისთვისაც მიუღებელია "მიშამ თავი დაგვანებოს" საუბარი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს.
თუ ოლიგარქის დასამარცხებლად მთავარია ხალხი და მათი შეუპოვარი ბრძოლა, მაშინ ამ ადამიანების უდიდესი ნაწილის ლიდერის იგნორირება, სწორედ ჩვენს საერთო გამარჯვებას დააყენებს ეჭვის ქვეშ და ამიტომ არავის აქვს უფლება ამ ხალხს მიაყენოს შეურაცხყოფა.
ამ ხალხის უფლებისა და ღირსების დაცვა არის ჩვენი (ენმ წევრების) ყველას ვალდებულება.
აბსურდია და უნამუსობაა, გამარჯვებისთვის ეს ხალხი გინდოდეს და მის ლიდერზე საუბრობდე "თავი დაგვანებოსო". არ გამოვა ეგრე.
დიქტატორზე საერთო გამარჯვებას ყველას ჩართულობა და მონაწილეობა სჭირდება და ამ "ყველაში" შედის მართლა ყველა, ცხადია მიშას ჩათვლით და ამ ასობით ათასი ადამიანისთვის კი მიშას ლიდერობითაც.
ასე რომ ეს მოცემულობა "ყველამ" კეთილი ინებოს, უნდა გაითვალისწინოს და ყველამ მართლაც ყველას პატივისცემით უნდა მოეპყრას და არა შერჩევით," - წერს გიორგი ბარამიძე.