"ლელოს" ოფისში ამ წუთებში ოპოზიცია იკრიბება. პარტიების ლიდერები მორიგ კონსულტაციას იწყებენ. მთავარი თემა მომდევნო ნაბიჯებია. მას შემდეგ, რაც დიალოგის მეორე რაუნდის შემდეგ, განცხადებები გაკეთდა და მხარეებმა დააფიქსირეს, რომ მოთხოვნებს ძალაში ტოვებენ, ოპოზიციურმა სპექტრმა სამომავლო სტრატეგიაზე უნდა იმსჯელოს. განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება საპროტესტო აქცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს იმის დაფიქსირება, რომ ოპოზიცია არჩვენების გაყალბებას არ ეგუება:
"ეს იქნება ძალიან სანახაობრივი აქცია, არატრადიციული, შთამბეჭდავი აქცია. ჩვენ გვინდა ამით მივაწვდინოთ ხმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს იმ რეალობაზე და პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ხელისუფლების წყალობით ქვეყანაშია. ჩვენი ძალიან ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები უშუალოდ მიაწვდიან სახელმწიფო მდივანს ინფორმაციას ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ. თუ ჩაინიშნა შეხვედრა ოპოზიციასთან, ეს იქნება ასევე ძალიან კარგი," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი.
ოპოზიციის განცხადებით, ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული შეთავაზება არადამაკმაყოფილებელია. "ევროპული საქართველოს" წევრის ლევან თარხნიშვილის თქმით, გაყალბება იმდენად მასშტაბური იყო, რომ მხოლოდ ბიულეტენების გადათვლა ამ ხარვეზს ვერ გამოასწორებს:
"ბიულეტენების გადათვლა ვერ აჩვენებს იმ შედეგებს, რაც რეალურად გაყალბდა ანუ აქ არ გამოჩნდება ე.წ. კარუსელები, ამომრჩევლის მოსყიდვა, ბიულეტენების ჩაყრა. მიუხედავად ამისა, ჩვენს მიერ შეტანილი იქნა საჩივრები, მარტო "ევროპულმა საქართველომ" შეიტანა 600-ზე მეტი საჩივარი, რომლიდანაც დაკმაყოფილდა ერთი, იგივე სტატისტიკაა სხვა ოპოზიციურ პარტიებზეც," - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის სერგო ჩიხლაძის თქმით, ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა აუცილებლად მოუწევს:
"კვლავ გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს, რადგან, როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია ხალხის და აქციების. მეორეს მხრივ მოლაპარაკებები გაგრძელდება და რაღაც პერიოდში მათ მოუწევთ დათმობაზე წამოსვლა, ეს ვნახეთ არაერთხელ, ასევე პარალელურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. ზოგადად ის, რომ მარტო დარჩა პარლამენტში, ეს არის უდიდესი დარტყმა "ქართული ოცნებისთვის", თვითონაც აცნობიერებენ ამას და ამის გასანეიტრალებლად ისინი გარკვეულ დათმობებზე წამოვლენ,"- აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს დაგეგმილი საპროტესტო აქციის დეტალებზე ისაუბრა მედიასთან "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.
"ეს არის განსხვავებული აქცია, იქნება მდუმარე, დააფენენ სტიკერებს, რომელსაც ეწერება გაყალბებულია და სოციალური დისტანციის დაცვით, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის ცენტრალური პროსპექტები გადაივსება ადამიანებით," - განაცხადა გიგი უგულავამ.