17 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხი ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობის და ერთმანეთის კრიტიკის მიზეზი ხდება

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხი ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობის და ერთმანეთის კრიტიკის მიზეზი ხდება. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს სხვა ოპოზიციური პარტიები პასუხობენ და ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ყოფილი პრეზიდენტის პერმანენტული განცხადებები დაბრუნების შესახებ და მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უნდა მოიწვიონ.

"სააკაშვილს აქვს უფლება ჩამოვიდეს და ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში. ის რომ არ უნდა იდევნებოდეს და არცერთი ადამიანი რომ არ უნდა იდევნებოდეს, ეს ცნობილია, ამას ჩვენ არ გავურბივართ და ხშირად ვამბობთ. მაგრამ ის დამოკიდებულება, რომ მომიწვიეთ და ჩამოვალ, ხელი გაანძრიეთ და ჩამოვალ - ამის თქმა მიგვაჩნია, რომ ცოტა არ იყოს არასერიოზულია და ამ პროცესს მაინცდამაინც არ ეხმარება. ეს მისი უფლებაა, რომ ასე მოიქცეს, არავინ არ ართმევს მას ამ უფლებას, ისევე, როგორც მოდი ნურავინ ნუ წაგვართმევს ჩვენ უფლებას, რომ არ მოგვწონდეს, როდესაც ის რაიმე ცუდს ჩადის, მაგრამ ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანაზე, რაც გვაქვს, ამაში ოპოზიცია არის ერთიანი, მიუხედავად იმისა, რას იტყვის სააკაშვილი," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ერთიანია იმ მოთხოვნებში, რაც თავისუფალ არჩევნებს ეხება, რაც შეეხება სააკაშვილის ფაქტორს, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერია და მისი მომხრეებს ვერავინ აუკრძალავს მისი მხარდასაჭერი ტრანსფარანტებით მოსვლას:

"ჩვენ ერთი პარტია არ ვართ, ბევრი პარტია ვართ, მაგრამ ერთიანი ვართ ამ მოთხოვნაში. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ის არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ჩვენ მათ მომხრეებს არ და ვერ ავუკრძალავთ და არც უნდა ავუკრძალოთ, თუ ისინი რამე ტრანსფარანტით მოვლენ. თავისუფლება და დემოკრატია ეს არის. ერთად ვიდგებით სანამ მოვითხოვთ თავისუფალ არჩევნებს და მერე გადაწყვეტს ხალხი, ვინ რამდენ პროცენტს აიღებს,"- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მიხეილ სააკაშვილის თემაზე გაჩენილ აზრთა სხვადასხვაობას ეხმაურებიან "ნაციონალურ მოძრაობაშიც". ენმ-ს წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია არის ერთიანი იმ სტრატეგიაში და გეგმაში, რომელიც ქვეყანაში არსებულ რეალობას ეხება, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს, უდუმაშვილი ამბობს, რომ ამ ვითარებაში მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე მეტად კონსტრუქციული, რადგან ის ოპოზიციას მოუწოდებს, რომ მისი პერსონის შესახებ კამათს თავი დაანებონ და მთავარი საკითხის ირგვლივ გაერთიანებაზე კონცენტრირდნენ:

"კამათი და დებატები ყოველთვის არის ნებისმიერ შეხვედრაზე, თუმცა სწორედ ამ კამათში ხშირად მივდივართ მთავრამდე, რაც არის ყველასთვის ჩვენთვის. მთავარია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია არის ერთიანი იმ სტრატეგიაში და გეგმაში, რომელიც ეხება იმ მდგომარეობას, რომელიც არის ქვეყანაში. რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იქნება. მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე მეტად კონსტრუქციული, თუ შეიძლება ვინმე იყოს. გავრცელდა განცხადება, სადაც პირდაპირ თქვა, რომ თავი დაანებონ მისი პერსონის ირგვლივ დებატებს და ერთობაზე კონცენტრირდნენ,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პარალელურად ფეისბუქზე ავრცელებს განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი,

"მართალი თქვა, შემეშვითო, თავად მივხედავ ჩემს საქმესო. მაგრამ ასევე სწორი იქნება, აღარ გაიმეოროს, ოპოზიციას თუ უნდა, მითხრან, ჩამოვალო. ვერავინ ეტყვის, ვერც დაუშლის. ის, რომ მას შეუძლია არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა, შესაბამისი პოლიტიკური დივიდენდის და ფასის მომკით, ვიცით. მრჩევლები ნაკლებად სჭირდება. რაც შეეხება მის ჩართვას მიტინგზე, საქართველოში რომ იყოს, სცენაზე არ იდგებოდა? რა პრობლემაა? თუ იმ სცენაზე რომელიმე გამომსვლელს მიაჩნია, რომ მიშას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა კანონიერი და სამართლიანია, მაგით დაიწყოს გამოსვლა და ვნახავთ. ისე, ერთმანეთს ხომ ვიტანთ, მიუხედავად განსხვავებებისა, სააკაშვილის სკაიპით გამოსვლა რა პრობლემაა? მინიმუმ ისეთივე უფლება აქვს, როგორც ყველა სხვას, გამოვიდეს. ტრანსფარანტის დაჭერის უფლებაც, არ მეგონა, დასამტკიცებელი თუ გახდებოდა იმ ხალხისთვის, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის. ასე რომ მშვიდად, მეგობრებო, ბიძინაზე ვკონცენტრირდეთ, აჯობებს," - წერს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები