"ლელოს" მთაწმინდის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, მსჯელობა ძირითადად 18 ნოემბერს დაგეგმილი აქციის ტექნიკურ საკითხებს შეეხებოდა.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, მდუმარე აქცია 18 ნოემბერს ოთხშაბათს დილის 11 საათზე ოპერიდან მელიქიშვილის მიმართულებით ტერიტორიაზე 2 მეტრიანი დისტანციით გაიმართება:
"იქნება მდუმარე პროტესტი, ყოველ ადამიანს მიეცემა სტიკერი გაყალბებულია. ასევე იქნება ამერიკის და საქართველოს დროშები. რესპუბლიკის მოედანზე იქნება ბანერები აშშ-ის და საქართველოს დროშებით," - განაცხადა გიგი უგულავამ და საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ აუცილებელია აშშ კიდევ უფრო მეტი ჩართულობა, რათა შეწყდეს სახელმწიფოს მიტაცება:
"მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ აშშ არის ჩვენი უახლოესი მეგობარი და აუცილებელია აშშ-ის კიდევ უფრო ღრმა ჩართულობა, რათა შეწყდეს სახელმწიფოს მიტაცება," - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ოპოზიციის ერთიანობას ხელს არაფერი შეუშლის:
"საუბარი იყო იმაზე, როგორ უნდა ჩატარდეს აქცია, რომელიც დაანახებს ამერიკის სახელმწიფო მდივანს ქართველი ხალხის პროტესტს, ვისაუბრეთ სხვა ტექნიკურ საკითხებზეც, ოპოზიციის ერთობას არაფერი არ შეუშლის ხელს, ჩვენ ყველანი ვამბობთ იმას, რომ ახლა უზენაესი მიზანია ის, რომ ქვეყანაში არჩევნების მოპარვის შესაძლებლობა არ მივცეთ არავის, ქვეყანაში ჩატარდეს ნორმალური არჩევნები," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ აქციაზე ერთის მხრივ გაპროტესტდება გაყალბებული არჩევნები და მეორეს მხრივ ხაზი გაესმევა ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ პარტნიორობას.