შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ონისე გათენაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. უწყების განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის გულგრილმა დამოკიდებულებამ მორიგი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
"საოკუპაციო რეჟიმის გულგრილმა დამოკიდებულებამ მორიგი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი ონისე გათენაშვილის ოჯახს.
14 ნოემბერს "წითელი ჯვრის" ჩართულობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ე.წ. ერგნეთის გადასასვლელის გავლით, სამკურნალოდ გადმოიყვანეს ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ონისე გათენაშვლი, რომელიც კლინიკაში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ "წითელი ჯვრისგან" სამედიცინო ევაკუაციის მომზადების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ განახორციელა ევაკუაციისთვის საჭირო პროცედურები. აღსანიშნავია, რომ პაციენტი იმყოფებოდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და გარდაიცვალა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში.
ოკუპირებული ახალგორი ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია. ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გაუქმებამ უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოკუპანტები მოქალაქეებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ, რაც მათ კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას უზღუდავთ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, აგრძელებს ძალისხმევის განხორციელებას იმისთვის, რომ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზს მიღმა შეუმსუბუქდეს არსებული მძიმე მდგომარეობა, მიეცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება და ხელი არ შეეშალოს კრიტიკულად საჭირო დახმარების მიღებაში. ამ მიზნით, მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორებს გააძლიერონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე,"- ნათქვამია განცხადებაში.