"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით, სირცხვილის კორიდორი არა ამომრჩევლისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის ეწყობა, რომლებიც არჩევნების გაყალბებაში იყვნენ ჩართული. ამის შესახებ მან "დღის კურიერში" ისაუბრა.
"სირცხვილის კორიდორი უნდა მოვუწყოთ იმ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს, რომლებმაც გააყალბეს არჩევნები, ჩვენ პატივს ვცემთ ამომრჩეველს. სირცხვილის კორიდორი უნდა მოვუწყოთ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც აქტიურად ჩართული იყვნენ ზეწოლებში და ყურით მოჰყავდათ ამომრჩეველი და ძალით ახაზინებდნენ. მოქალაქეების მიმართ არ მოხდება, ჩვენ პატივს ვცემთ ამომრჩევლის ნებას," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
კითხვაზე, როგორ მოხდება გაყალბებაში ჩართული ადამიანების და რიგითი ამომრჩევლის გარჩევა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებამ კარგად იცის ვინ იყო გაყალბების პროცესში ჩართული:
"თითოეულ სოფელში, თითოეულ უბანში, ყველამ კარგად ვიცით ვინ იყო ჩართული გაყალბების პროცესში, იქნებოდა ეს სოფლის რწმუნებული, გამგეობის თანამშრომელი, ის ადამიანები, რომლებიც განათლების რესურსცენტრიდან ზეწოლას ახდენდნენ მასწავლებლებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. პროტესტის გამოხატვა და დამისამართება ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, მათ შორის რიგითმა მოქალაქეებმაც, რომ ეს სირცხვილის კორიდორი უკავშირდება იმ გამყალბებლებს, რომლებმაც 31 ოქტომბერს საქართველოს არჩევნები მოპარეს," - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.