თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი პარლამენტის 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" შუალედურ ანგარიშს ეხმაურება.
ბექა დავითულიანი ამბობს, რომ IRI მოუწოდებს ოპოზიციას, რომ მონაწილეობა მიიღონ მეორე ტურებში და გადავიდნენ კონსტრუქციულ რელსებზე.
"IRI, NDI და მსგავს ავტორიტეტულ ორგანიზაციებს, ყველას აქვს სახელმწიფო დეპარტამენტთან კავშირი და სახელმწიფო დეპარტამენტმა თავისი პოზიცია გამოხატა უკვე თავისი პოზიტიური შეფასებით, რომელშიც ალბათ IRI-ის და NDI-ის მსგავსი ორგანიზაციების პოზიციაც გათვალისწინებული იყო და შეაფასა საქართველოში ჩატარებული არჩევნები სტანდარტის შესაბამისად და მოუწოდა ოპოზიციას სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში იმუშაონ და მოემზადონ მეორე ტურებისთვის, რასაც არ აკეთებს სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია და ამ დესტრუქციული ხაზით სიარულის არის ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ნამდვილად, ფაქტიურად მძევლად ჰყავს მთელი ოპოზიცია აყვანილი და იმ პატარა პარტიებს, რომელსაც ბოლოს და ბოლოს შანსი მიეცათ, რომ შესულიყვნენ პარლამენტში და ზუსტად ასახულიყო ის სურათი, საზოგადოებაში არსებული განწყობების, რომელზეც ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერასდროს ვერ გადადგა ის ნაბიჯი და ვერ გაბედა, რომ ასეთი საარჩევნო სისტემა შეეთავაზებინა მოსახლეობისთვის, რომელიც ასახავდა საზოგადოებაში არსებულ განწყობას პარლამენტში. დღეს იმიტომ, რომ სააკაშვილის პლატფორმაზეა მობილიზებული, ამ შესაძლებლობას ვერ იყენებენ, ფაქტიურად მძევლების როლში არიან,“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.