საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საარჩევნო ბიულეტენებში მითითებული იქნება მეორე ტურში გადასული ორივე კანდიდატის სახელი და გვარი, ვინაიდან მეორე ტურში გადასული კანდიდატურის მოხსნა კანონმდებლობით შეუძლებელია.
"როგორც აღმოჩნდა, საზოგადოების ნაწილი დაბნეულია ოპოზიციის განცხადებების გამო, სადაც ისინი ამბობენ, რომ არ იღებენ მეორე ტურში მონაწილეობას. ზოგიერთ ადამიანს ამ ფონზე რჩება შთაბეჭდილება, რომ მეორე ტური საერთოდ არ ტარდება, თუმცა, ეს რა თქმა უნდა მართალი არ არის.
ამიტომ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის შაბათს, 21 ნოემბერს, გაიმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მთაწმინდა-კრწანისის, ვაკის, საბურთალოს, ისნის, სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთის, ნაძალადევის, გლდანის, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის, მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის, რუსთავის და გარდაბნის რამდენიმე სოფლის, ხაშური-ქარელის, ზესტაფონი-ტყიბული-თერჯოლა-ბაღდათის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს საარჩევნო ოლქებში.
ბიულეტენებში მითითებული იქნება მეორე ტურში გადასული ორივე კანდიდატის სახელი და გვარი, რადგან მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნა მოქმედი კანონმდებლობით არის შეუძლებელი.
შესაბამისად, "ქართული ოცნების" ყველა ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და მოვუწოდებთ, არ შევიდნენ შეცდომაში ოპოზიციის სპეკულაციური განცხადებების გამო და შაბათს 21 ნოემბერს მივიდნენ საარჩევნო უბნებში და მხარი დაუჭირონ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს და დარწმუნებულები ვართ, რომ გამარჯვება იქნება გარდაუვალი.
მიუხედავად მათი განცხადებებისა ოპოზიცია მაინც მუშაობს თავისი აგიტატორების მეშვეობით ველზე, როგორც ამას პარტიული სუბიექტები იძახიან. ისინი ზოგიერთ საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში აორმაგებენ კიდევაც, ორგან დაფიქსირდა ასეთი ფაქტი, მათი აგიტატორების რაოდენობის. ასე რომ, მათი განცხადებები აცდენილია მათი მოქმედებებიდან," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.