17 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
ამ ანგარიშის მთავარი დასკვნაა, რომ საპარლამენტო არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა აუცილებელი სტანდარტები - დავით ბაქრაძე IRI-ის ანგარიშზე

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის შეფასებებს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, IRI-ის ანგარიშის მთავარი დასკვნაა, რომ არჩევნების ჩატარების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, საერთაშორისო პარტნიორებს მუდმივად აქვთ ინფორმაცია დარღვევების თაობაზე, რომელიც არჩევნების დღეს და წინა პერიოდში დაფიქსირდა. 

"ამ ანგარიშის მთავარი დასკვნაა, რომ საპარლამენტო არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა აუცილებელი სტანდარტები. ეს არის უმძიმესი შეფასება და თვითონ დასკვნაც შინაარსით არის უმძიმესი და ნათლად მიანიშნებს იმ ცვლილებაზე, რომელიც ჩვენი პარტნიორების პოზიციაში ხდება დროთა განმავლობაში, ვინაიდან, იმ საწყისი შეფასებების შემდეგ, რომელიც გაკეთდა მხოლოდ არჩევნების დღის ზედაპირული მონიტორინგით, იმ ძალიან შეზღუდული რაოდენობა მისიებით, რაც ჩამოვიდა კოვიდპანდემიის გამო, პოზიციები იცვლება. ჩვენ პარტნიორებს ყოველდღიურად მეტი და მეტი ინფორმაცია აქვთ იმ დარღვევებზე, რომელიც მოხდა წინასაარჩევნო პერიოდშიც და არჩევნების დღესაც,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარებულ არჩევნებად ვერ ჩაითვლება.

"კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რასაც ჩვენ ვამბობდით და ჩვენ ვგულისხმობთ, ყველა ოპოზიციური პარტია, რომ ასე ჩატარებული არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ არჩევნებად და ვერ ჩაითვლება არჩევნებად, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას და IRI-ის ანგარიში კიდევ უფრო მკაცრია თავის შეფასებებში, ვიდრე ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის შეფასება," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"ეს არის სწორედ ის, რის თაობაზეც ოპოზიცია ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა მასობრივად და რომ არ შეიძლება მისი შედეგები იყოს ლეგიტიმური და მისაღები, მათ შორის მსოფლიო თანამეგობრობისთვის და მე ვარ დიდად მოხარული ამგვარი განცხადებებისა და დასკვნების შემდეგ, რომ ჩვენი მეგობრები მთელს მსოფლიოში დადგებიან ქართველი ხალხის გვერდით და არა ხელისუფლების ან რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად,“ - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები